Gwp-ს საინვესტიციო გეგმების განხილვა ორშაბათამდე გადაიდო
Gwp-ს საინვესტიციო გეგმების განხილვა ორშაბათამდე გადაიდო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ gwp-ს მომდევნო სამი წლის საინვესტიციო გეგმების განხილვა ორშაბათამდე გადადო, რადგან კომპანიას მიეცა საშუალება დამატებითი არგუმენტები წარმოადგინოს. შესაბამისად, ორშაბათს გახდება ცნობილი, შეითანხმებს თუ არა სემეკი gwp-ს საინვესტიციო გეგმას, რომელიც სამომხმარებლო ტარიფის დაანგარიშებისას ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, საოპერაციო დანახარჯებთან ერთად.

“დღეს განიხილება კომპანიების ინვესტიციები, რაც განხორციელდა 2017 წელს და რაც განხორციელდება 2018, 2019 და 2020 წლებში. კონკრეტულად gwp-ს შემთხვევაში, ჩვენ წარდგენილი გვაქვს 82 მილიონი ლარის ინვესტიცია, ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სემეკი ორშაბათს.  ინვესტიციების მოცულობა საკმაოდ დიდია, შესაბამისად, ეს ყველაფერი საჭიროებს დეტალებში გარკვევას. რისთვისაც ჩვენ მოვითხოვეთ, რომ მოგვცემოდა გონივრული ვადა დეტალიზაციისათვის. ამ ტემპით ინვესტიციების განხორციელება რომ შევძლოთ, რა თქმა უნდა, განხორციელებული ინვესტიციები შესაბამისად უნდა აისახოს ჩვენს მისაღებ შემოსავლებში. ტარიფის განმსაზღვრელი ძირითადი კომპონენტი არის, როგორც საინვესტიციო დანახარჯები, ასევე საოპერაციო დანახარჯები“, – განაცხადა gwp-ს ოპერაციების მართვის დირექტორის პირველმა მოადგილემ, ზურაბ ალფაიძემ.

ასევე, ალფაიძის თქმით, ამდენი მოცულობის ინვესტიცია აუცილებლად გონივრულად უნდა იყოს ასახული  მისაღებ შემოსავლებში და შესაბამისად, ტარიფშიც. მისი თქმით, ეს ყოველივე საჭიროა, რათა ტემპი, რომელიც 2017 წელს იყო, გაგრძელდეს წელს, მომდევნო წლებშიც და მოხდეს იმ ქსელის მაქსიმალურად რეაბილიტაცია, რომელიც ემსახურება მოსახლეობას.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ტარიფი დადგენილი არის 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 2018 წლის პირველი იანვრიდან კი, ძალაში უნდა შევიდეს ახალი ტარიფი. ტარიფის გაანგარიშება, რომელიც ძალაში შევა მომდევნო წლიდან სემეკის პრეროგატივაა და ცნობილი მიმდინარე წლის ბოლოს გახდება.