გვატემალაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა
გვატემალაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ათასობით ადამიანი დაშავდა, დაღუპულთა რიცხვი კი 70-მდე გაიზარდა. ათასზე მეტ მოქალაქეს საკუთარი სახლის დატოვება მოუხდა.
ვულკან ფუეგის ამოფრქვევის გამო, პრეზიდენტმა ჯიმი მორალესმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
ვულკანის ამოფრქვევას თან ძლიერი და გადაუღებელი წვიმა ახლდა, რის გამოც მდინარეების ნაწილი ადიდდა, დაზიანდა წყალგაყვანილობის სისტემები. დროებით არ ფუნქციონირებს საერთაშორისო აეროპორტი La Aurora.
როგორც აეროპორტის პრესსამსახურში აცხადებენ, თითოეულმა ავიაკომპანიამ ფრენების განახლების შესახებ გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს.
სამი დაზარალებული რეგიონი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადეს. სტიქიის გამო, ქვეყნის დანარჩენ ნაწილში საფრთხის ნარინჯისფერი დონე გამოაცხადეს.
სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. დაზარალებულების დასახმარებლად მობილიზებულია ასობით პოლიციელი და სამხედრო მოსამსახურე.
გაერო-ში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში გვატემალას დასახმარებლად მზად არიან.