გვარის შეცვლის შეზღუდვაზე საკანონმდებლო ცვლილებები უკვე ინიცირებულია
გვარის შეცვლის ცალკეულ საფუძვლებზე დაყრდნობით, პირს უფლება ექნება, გვარი მხოლოდ ერთხელ შეიცვალოს. შესაბამისი ცვლილებები – „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ავტორი იუსტიციის სამინისტროა.
როგორც თეა წულუკიანის უწყება განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ გვარის სურვილისამებრ შეცვლა შესაძლებელი არ არის, ამჟამად მოქმედი კანონი იმდენად ფართო შესაძლებლობებს იძლევა, რომ ერთ პირს თავისი ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა საფუძვლით გვარის შეცვლა 25-ჯერ და მეტჯერ შეუძლია, მოთხოვნის დასაბუთება კი საჭირო არ არის.
სამინისტროს ცნობით, 2017 წელს პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი 1977 მამაკაცმა და 5467 ქალმა მიიღო, ხოლო მეუღლის გვარი – 418 მამაკაცმა და 477 ქალმა. ასევე, გასულ წელს 59 პირმა სახელი ან გვარი ორჯერ შეიცვალა, ხოლო ერთმა პირმა – ოთხჯერ.
რაც შეეხება ცვლილებებს, კანონს ემატება ნორმა, რომლის თანახმად, გვარის შეცვლის ცალკეულ საფუძვლებზე დაყრდნობით, პირს უფლება ექნება, გვარი მხოლოდ ერთხელ შეიცვალოს. კერძოდ, სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, მას მოუწევს, არჩევანი ერთხელ გააკეთოს და მიიღოს: მშობელთა შეერთებული გვარი, პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარი მეოთხე თაობის ჩათვლით, ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი ან ისტორიული გვარი.
ცვლილებებით კონკრეტდება, რომ ზემოთ მითითებული შეზღუდვა არც იმ შემთხვევებზე გავრცელდება, როდესაც პირებს მეუღლის გვარის მიღება ან საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარის ტარება სურთ, რის შესახებაც გადაწყვეტილება მათ ქორწინების რეგისტრაციის მომენტში უნდა მიიღონ.
ამასთან, პროექტით, პირს ყოველთვის შეეძლება, დაიბრუნოს საკუთარი ქორწინებამდელი გვარი, შვილად აყვანისას მიიღოს მშვილებლის გვარი, მამობის დადგენისას მიიღოს მამის გვარი, ასევე მიიღოს სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული გვარი.
ამას გარდა, ცვლილებებით იკრძალება სახელის ან გვარის შეცვლის/დადგენის/კანონიერად აღიარების მოთხოვნით სააგენტოსთვის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის ან საკონსულო დაწესებულებისათვის წარმომადგენლის მეშვეობით მიმართვა.
„აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს ისეთი შემთხვევების თავიდან აცილებას, რომლის დროსაც, არალეგალური საქმიანობის დაუბრკოლებლად განხორციელების მიზნით, სახელის ან გვარის შეცვლის მოთხოვნის უკან პირის რეალური ვინაობის შენიღბვის მიზანი იმალება. პირისათვის სახელის ან გვარის შეცვლის/დადგენის/კანონიერად აღიარების შესახებ განცხადებას სააგენტოს ტერიტორიული სამსახური განიხილავს“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ზემოაღნიშნულის გარდა, ინიციატივით, მამობის დადგენის რეგისტრაციისას პირს გვარის შეცვლის უფლება ეზღუდება, თუ ამ პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა, მათ შორის, როდესაც ის იძებნება საქართველოს ან უცხო ქვეყნის სამართალდამცველი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის (ინტერპოლის) მიერ. ამავე მოტივით, დაუშვებელი იქნება გვარის შეცვლა ქორწინებისა და განქორწინების რეგისტრაციის დროსაც.
ცვლილებების მომზადების მიზეზად საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო დარღვევის პრევენცია, ევროკავშირის ქვეყნებში დანაშაულის ჩამდენ საქართველოს მოქალაქეთა იდენტიფიკაციის ხელშეწყობა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საქართველოში გრძელვადიანი მოქმედებისთვის მყარი საკანონმდებლო გარანტიის შექმნა სახელდება.