გვარის შეცვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში მესამე მოსმენით განიხილავს
გვარის შეცვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში მესამე მოსმენით განიხილავს

საქართველოს მოქალაქეებისთვის გვარის შეცვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში მესამე მოსმენით განიხილავს.

კანონპროექტის მიხედვით, ზუსტდება გვარის შეცვლის რეგულაციები.

გვარის შეცვლა დაუშვებელი იქნება, თუ პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა.

კანონპროექტის მიხედვით, დაზუსტდა 16 წელს მიღწეული პირისთვის გვარის შეცვლის კანონიერად აღიარების შესახებ განცხადების წარდგენასთან და მის განხილვასთან დაკავშირებული საკითხები.

პროექტი ასევე ითვალისწინებს გარდამავალი სახის რეგულაციებს.

„გადავწყვიტეთ, მომხდარიყო ისეთი პრევენციული მექანიზმის შემოღება, რომ მოქალაქეებს ხელოვნურად არ მივცეთ საშუალება, მანიპულირება მოახდინონ, შეიცვალონ გვარი და ევროკავშირის ქვეყნებში ახალი გვარით წავიდნენ, როცა ერთხელ უკვე უარი ეთქვათ ან დარღვევის გამო გამოუშვეს ქვეყნიდან. აი ასეთი შემთხვევების თავიდან არიდების მიზნით არის ეს კანონპროექტი შექმნილი“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა.