გვანცა წულუკიძე - საზოგადოებრივი ნდობის დაბრუნების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იქნება, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, თუმცა ამ არჩევნებს წინ უნდა უძღოდეს საარჩევნო რეფორმა
დღევანდელ შეხვედრაზე ძირითადად ვისაუბრეთ ძალიან მძიმე პოლიტიკურ სიტუაციაზე, რომელიც ქვეყანაში არის შექმნილი და იმ მნიშვნელოვან რეფორმაზე, რომელიც აუცილებელია და უნდა შეეხოს როგორც სასამართლო სისტემას, ასევე საარჩევნო კანონმდებლობას, – ამის შესახებ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენელმა, გვანცა წულუკიძემ განაცხადა.
„შეხვედრაზე მონაწილეობა მივიღე კოალიცია „დამოუკიდებლობა გამჭირვალე მართლმსაჯულების“ სახელით. როგორც კოალიციის წარმომადგენელმა ძირითადი აქცენტები გავაკეთე სასამართლო სისტემაში გასაკეთებელ და განსახორციელებელ რეფორმებზე. აქედან უმნიშვნელოვანესი და ყველაზე მთავარი გამოვყავი, რომ ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლა და არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურების დახვეწა. ის კანონპროექტი, რომელიც დღეს წარმოადგინა „ქართულმა ოცნებამ“, არის ფრაგმენტული. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ პოზიტიურ ცვლილებებს, იგი ვერ უზრუნველყოფს სისტემის გაჯანსაღებას და ვერ უზრუნველყოფს ამ პროცესისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებას იმ ვითარებაში, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭო რჩება იგივე შემადგენლობით, თუ კი იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესი არ შეიცვლება.
სასამართლოს გარდა საუბარი არის ზოგადად მართლმსაჯულების სისტემაზე, რომელიც ეხება არა მხოლოდ სასამართლოს, არამედ პროკურატურის რეფორმასაც. იყო საუბარი საარჩევნო რეფორმის აუცილებლობაზე და რომ ეს აუცილებლად უნდა იყოს კომპლექსური და მრავალმხრივი რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მომდევნო არჩევნებში არჩევნების ლეგიტიმურად ჩატარებას. მიმაჩნია, რომ იმ პოლიტიკურ კრიზისში, რომელშიც შევედით და იმ ვითარებაში, როცა საზოგადოებას ამ ბოლო არჩევნების მიმართ ნდობა არ გააჩნია, მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებრივი ნდობის დაბრუნების თვალსაზრისით, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, ანუ მორიგი არჩევნები. თუმცა ხაზს ვუსვამ, ამ არჩევნებს წინ აუცილებლად უნდა უძღოდეს საარჩევნო რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მომდევნო არჩევნების ლეგიტიმურად ჩატარებას“,- განაცხადა გვანცა წულუკიძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გაიმართა.