გვადალახარაში „ვეფხისტყაოსნის“ ესპანურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
მექსიკაში, ხალისკოს შტატის დედაქალაქში, გვადალახარის წიგნის საერთაშორისო გამოფენა (FIL 2019) ოფიციალურად გაიხსნა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენის ფარგლებში, გვადალახარის უნივერსიტეტის პავილიონის საპატიო სტუმარი საქართველო იყო.
მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ ერისთავმა, უნივერსიტეტის რექტორატის წარმომადგენლებთან ერთად, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ესპანურენოვანი გამოცემისა და ახალი, ერთობლივი გამოცემის პროექტის პრეზენტაცია გამართეს.
„პრეზენტაციამ საერთაშორისო გამოფენის სტუმრების ყურადღება დაიმსახურა. საქართველოს ელჩმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო საელჩოს, მალაგის უნივერსიტეტისა და გვადალახარის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი, ასევე ისაუბრა ქართულ კულტურაზე, ენასა და დამწერლობაზე“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.
პრეზენტაციაზე ნაჩვენები იქნა ვიდეორგოლები საქართველოსა და ქართული ანბანის შესახებ.