გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ დახურულად გამოაცხადა.
გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა დარბაზში დამსწრეთა შორის გადალაპარაკების, რეპლიკებისა და სიცილით გამოწვეული ხმაური, რაზეც მოსამართლემ რამდენჯერმე გააფრთხილა.
მოსამართლის გადაწყვეტილებას კირკიტაძის მხარდამჭერების მხრიდან პროტესტი მოჰყვა, თუმცა დარბაზი მაინც დატოვეს.
სასამართლოში კახეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოთხი თანამშრომლის გამოკითხვა მიმდინარეობდა. მოსამართლემ სხდომა მეოთხე მოწმის დაკითხვის მომენტში დახურა.
დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.