სტიქიისგან დაზარალებული გურჯაანისა და ლაგოდეხის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
სტიქიისგან დაზარალებული გურჯაანისა და ლაგოდეხის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

გურჯაანისა და ლაგოდეხის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადიდებულმა მდინარეებმა – ალაზანმა და ინაბოტმა 1000 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე არსებული მრავალწლიანი ხეხილი და ვენახები დატბორა. დაზარალებული სოფლების – ჭაბუკიანის, ძირკოკისა და ჭანდარის მოსახლეობა ამბობს, რომ მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდათ, მიზეზად კი სადაზღვევო კომპანიების მხრიდან დროის გაჭიანურებას ასახელებენ.

„სადაზღვევო კომპანიაში კვირაზე მეტია, რაც შეტანილი მაქვს  საბუთები, თუმცა მითხრეს, რომ 15 მაისამდე არ დამიზღვევდნენ მოსავალს. სტიქიების სეზონი ახლაა და მე ვფიქრობ, შეგნებულად აქვთ დრო შერჩეული“, – ამბობს ადგილობრივი გია შეყელაძე.

„საფერავის ვაზის ნერგები მდინარემ წაიღო. ახლა სოფლის მეურნეობის სამინისტრო რომ მოვა და ნახავს, აქ არაფერი აღარ დგას, ვშიშობ, ხელშეკრულება ბანკთან თანადაფინანსებაზე შეიძლება გაწყვიტოს. ასეთ შემთხვევაში, მთლიანი თანხის დაფარვა მე მომიწევს“, – აცხადება ივანე ცანკაშვილი და ხელისუფლებას ბანკის კრედიტის გადავადებას სთხოვს.

გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი აცხადებს, რომ სტიქიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო მდინარე ალაზანსა და ინაბოტზე დამცავი გაბიონი რომ ყოფილიყო.

„აქ კაპიტალური ჯებირები იყო, თუმცა 1990-იანი წლების ბოლოს მოთხარეს და გაყიდეს. ხალხი კი ახლა ამ მდგომარეობაშია. აუცილებელია ორკილომეტრიანი დამცავი გაბიონის მშენებლობა“, – ამბობს არჩილ ხანდამაშვილი.

რაც შეეხება სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას, სამუშაოები დღეს დილიდან გაანახლდა. დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოებში მოსახლეობას მეხანძრე-მაშველები ეხმარებიან. მდინარის კალაპოტებში წყლის დონის დაწევის შემდეგ, დაწყებულია ასევე ნაპირსამაგრი სამუშაოები.

ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია მდინარე ალაზნის ადიდების შედეგად დატბორილი გურჯაანი-აფენის საავტომობილო გზის მონაკვეთზე. გუშინ მთელი ღამის განმავლობაში პრევენციის მიზნით გზას საპატრულო პოლიცია და მაშველები აკონტროლებდნენ.