გურჯაანის სოფელ კალაურში მცხოვრებ 67 წლის მამაკაცს, თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო კარანტინში გადაიყვანენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში მცხოვრებ 67 წლის მამაკაცს, რომელიც გერმანიიდან ექვსი დღის წინ დაბრუნდა, თვითიზოლაციის დადგენილი წესის დარღვევის გამო საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ. მის საცხოვრებელ სახლთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
როგორც ოჯახის ექიმმა, ირმა შუბლაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მამაკაცს ჩივილები არ აქვს.
„მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. მას ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აღენიშნება, თუმცა დღეს მან რამდენჯერმე დაარღვია თვითიზოლაციის წესი, დადიოდა ქუჩაში და ესაუბრებოდა ადამიანებს. იძულებული ვართ, გადავიყვანოთ საკარანტინო ზონაში“, – განაცხადა შუბლაძემ.
კახეთის რეგიონიდან საკარანტინო სივრცეში მოქალაქის გადაყვანის ეს პირველი შემთხვევაა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, ამ დროისათვის კახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 68 ადამიანი იმყოფება. მათ უმრავლესობას ჩინეთსა და იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვს.