გურჯაანის სასამართლომ გიორგი ვაშაძე სამი ათასი ლარით დააჯარიმა, ნიკა მელიას მიმართ კი სამართალწარმოება შეწყვიტა
გურჯაანის სასამართლომ გიორგი ვაშაძე სამი ათასი ლარით დააჯარიმა, ნიკა მელიას მიმართ კი სამართალწარმოება შეწყვიტა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ვაშაძე სამი ათასი ლარით დააჯარიმა, ნიკა მელიას მიმართ კი სამართალწარმოება შეწყვიტა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

მოსამართლე დევი დევიძემ გიორგი ვაშაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ჯარიმის სახით სამი ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

დაცვის მხარემ მტკიცებულებებისა და დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ნიკა მელია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად არ ცნო.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს გამოძიება 2018 წლის 16 დეკემბერს ველისციხესთან პოლიციელების მხრიდან კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

ნიკა მელიასა და გიორგი ვაშაძის მიმართ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელებისთვის სიტყვიერ შეურაცხყოფასა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.