გურიის სახელმწიფო რწმუნებული აცხადებს, რომ სოფელ ბუკნარში ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის კონფლიქტი სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო
დღეს ეს თემა საბოლოოდ უნდა დასრულდეს და მოსახლეობამ გააგრძელოს მშვიდ გარემოში ცხოვრება, – ამის შესახებ გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, გარკვეულ ადამიანებს აწყობს კონფლიქტური სიტუაციის გაგრძელება.
როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, სოფელში კონფლიქტი სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.
„დაპირისპირება გვაჩვენებს, რომ ყოველთვის ვიღაცა პროვოკატორი გამოჩნდება, რომელსაც უნდა, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს მსგავსი უთანხმოება, თუმცა ჩვენ ყველა, მოსახლეობა და ხელისუფლება იმიტომ ვართ შეკრებილი, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს გაუგებრობა, რომელიც ძირითადად, წამოწყებულია სოციალური ქსელით. ახალგაზრდების გაუფრთხილებელმა სხვადასხვა მიმოწერამ საზოგადოებაში განხეთქილება შექმნა. ამიტომ დღეს ეს თემა უნდა დასრულდეს საბოლოოდ და მოსახლეობამ განაგრძოს ცხოვრება მშვიდ გარემოში“, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.
ამ წუთებში სოფელ ბუკნარში, მუსლიმთა სამლოცველოში პარასკევის ტრადიციული ლოცვა აღევლინება. ლოცვის დასრულების შემდეგ, დაიწყება შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას ქრისტიანი და მუსლიმი თემის, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ.