გურიის გუბერნატორმა ათენში, საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ საერთაშორისო კონფერენციაში – „შავი ზღვის ქვეყნების სამომავლო პერსპექტივები“ მიიღო მონაწილეობა.
კონფერენცია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) და შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრის (ICBSS) ორგანიზებით, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ჩატარდა.
კონფერენცია ევროკავშირისა და ევროკავშირის არაწევრი შავი ზღვის აუზის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის დიალოგის პლატფორმა იყო და შავი ზღვის ქვეყნებს შორის დისკუსიის სტიმულირებას ისახავდა მიზნად.
ღონისძიების ფარგლებში თემატურ ჯგუფებს შორის სამუშაო შეხვედრები ჩატარდა. ერთ-ერთი თემა კულტურა და ტურიზმი იყო. სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მიზანს ევროკავშირის პროგრამებში და ფინანსურ ინსტრუმენტებში გასათვალისწინებლად კულტურისა და ტურიზმის სფეროებში კონკრეტული იდეებისა და პროექტების შეთავაზება და იდენტიფიცირება წარმოადგენდა.
ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ მთლიანად შავი ზღვის რეგიონს გააჩნია მდიდარი ისტორიული და არქიტექტურული მემკვიდრეობა და მრავალფეროვანი ბუნებრივი რესურსები, რომელიც მოგზაურებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს.
„გურიის მხარის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, რეგიონის პოტენციალზე ეკოტურიზმის მიმართულებით ვისაუბრეთ, ასევე, ყურადღება გავამახვილეთ გურული ფოლკლორის უნიკალურობასა და თავისებურებაზე, ასევე კულტურული ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე. შეხვედრაზე გადაიდგა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯები გურიის რეგიონსა და დამსწრე ორგანიზაციებს შორის, განსაკუთრებით ხელოვნებისა და კულტურის მიმართულებით“, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.
შეხვედრას ევროკომისიის წარმომადგენლები, საბერძნეთის რამდენიმე უწყების მინისტრი, ელჩები, კვლევითი ინსტიტუტებისა და სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.