შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1938 წელს დაბადებული რ.თ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მცხოვრებმა ბრალდებულმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, თავის დას – 1936 წელს დაბადებულ კ.თ.-ს, ჩაქუჩით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც კ.თ. ადგილზე გარდაიცვალა.
„ასევე, დადგინდა, რომ რ.თ.-მ გარდაცვლილი დის ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ახლოს, ეზოში დამარხა, ხოლო ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალის დაფარვის მიზნით, პოლიციაში განცხადება შეიტანა, თითქოს, მასთან ერთად მცხოვრები კ.თ., რამდენიმე დღეა უგზო-უკვლოდ არის დაკარგული.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რ.თ. საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს, ხოლო გარდაცვლილი ქალბატონის ცხედარს ბრალდებულის ეზოში მიაკვლიეს“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.