შსს-მ გურიაში მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებული დააკავა

20:36, 22.02.2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული მ.ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 თებერვალს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ახალსოფელში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სანადირო თოფიდან გასროლით ორი ადამიანი: 1970 წელს დაბადებული ა.მ. და 1966 წელს დაბადებული გ.ტ. დაჭრა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა, ორივე დაჭრილი სტაციონარში გადაიყვანეს.

სამედიცინო დახმარების მიუხედავად, ერთ-ერთი მათგანი – ა.მ. საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე ლანჩხუთის რაიონში დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

მსგავსი