გურამ თუშიშვილის ოქრო და ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფი
20:21, 17.12.2017
ბრწყინვალე შედეგით დაასრულა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სანქტ-პეტერბურგის მასტერსზე გამოსვლა. რუსეთში გამართულ წლის პრესტიჟულ დასკვნით ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა ხუთი მედალი მოიპოვეს, აქედან 3 ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.
შეჯიბრის ბოლო დაპირისპირებაში ქართველმა მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა რეიტინგის ლიდერი ბრაზილიელი დავიდ მოურა აშკარად დაჩაგრა. გურამმა მეორე წუთზე ჯერ ვაზარი აუღო მეტოქეს, ხოლო რამდენიმე წამში იპონზე დააგდო და წმინდა გამარჯვება მოიპოვა.
დღეს სანქტ-პეტერბურგის დარბაზში საქართველოს ჰიმნი სამჯერ აჟღერდა.
შეგახსენებთ, რომ თუშიშვილის გარდა, ჩემპიონები ბექა ღვინიაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი გახდნენ. გუშინ კი ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლი, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო.
საერთო გუნდურ ჩათვლაში, საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა, პირველი ადგილი დაიკავა.