გურამ მაჭარაშვილი - ზურაბ ჯაფარიძეს როცა აუხსნეს, რომ ეროვნული მოძრაობა არ ნიშნავს ომს, პარლამენტის ეზოს გაზომვას, მასში შევარდნას, მაშინ ასეთი ეროვნული მოძრაობა არ მინდაო და „ტროიკას“ გაემიჯნა
ზურაბ ჯაფარიძეს რომ აუხსნეს, ეროვნული მოძრაობა არ ნიშნავს რადიკალურ პროცესებს, როგორც ჩანს, თქვა, მაშინ ასეთი ეროვნული მოძრაობა არ მინდაო და ცნობილ „ტროიკას“ გაემიჯნა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „დროას“ დაშლა კი მხოლოდ დროის საკითხია.
„როგორც ჩანს, ზურაბ ჯაფარიძეს ეროვნული მოძრაობა რადიკალური პროცესები ეგონა და შემდეგ აუხსნეს, რომ ეროვნული მოძრაობა არ ნიშნავს შარვლის ჩახდას, ომს, პარლამენტის ეზოს გაზომვას, მასში შევარდნას. რომ აუხსნეს, როგორც ჩანს, ჯაფარიძემ თქვა, რომ თუ ამას არ ნიშნავს, მაშინ ასეთი ეროვნული მოძრაობა არ მინდაო და ცნობილ „ტროიკას“ გაემიჯნა. ვაშაძისა და „დროას“ ამბავი კი დროის საკითხია და ისე დაიშლებიან, როგორც ჯაფარიძე. სერიოზულად იმ ძალებს ვეკიდებით, ვინც უცხოეთიდან გეგმავდა მეორე ფრონტს, რასაც აქაური აგენტები უკვე აღარ მალავენ და საჯაროდ მიდის ომზე საუბარი, მოწოდებებიც. ეს არ არის აქაური აგენტების რესურსზე დაფუძნებული განცხადებები, ეს არის უცხო ძალების განცხადებები. „დროა“ იქნება, ადმირალი გუბაზ სანიკიძე თუ სხვა, ვინც ომზე საუბრობს, მათი რესურსი არავის აინტერესებს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დიდი ერთობის საკითხის განხილვის მომავალი წლისთვის გადადება „გირჩი-მეტი თავისუფლების“ შიდაპარტიული გადაწყვეტილებაა. ჯაფარიძის თქმით, დიდი ოპოზიციური გაერთიანების პერსპექტივა ახლა არ ჩანს. მისივე განმარტებით, გადაწყვეტილება არ ეხება „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროას“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ კოორდინაციას.