ზურაბ ჯაფარიძე - დიდი ერთობის საკითხის განხილვის მომავალი წლისთვის გადადება „გირჩი - მეტი თავისუფლების” შიდაპარტიული გადაწყვეტილებაა
ზურაბ ჯაფარიძე - დიდი ერთობის საკითხის განხილვის მომავალი წლისთვის გადადება „გირჩი - მეტი თავისუფლების” შიდაპარტიული გადაწყვეტილებაა

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, დიდი ერთობის საკითხის განხილვის მომავალი წლისთვის გადადება „გირჩი – მეტი თავისუფლების” შიდაპარტიული გადაწყვეტილებაა.

„ჩვენ რაც გავაჟღერეთ, ესაა „გირჩი – მეტი თავისუფლების” შიდაპარტიული გადაწყვეტილება, რომელიც ეხება დიდი ერთობის შესაძლებლობას. დიდი ერთობის შესაძლებლობა ამ წუთას არაა ქვეყანაში, ამიტომ შევთანხმდით, რომ ამ საკითხის განხილვა გადავდოთ მომავალი წლისთვის“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება არ ეხება „სტრატეგია აღმაშენებლის,” „დროას“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ კოორდინაციას.

„ეს არ ეხება კოორდინაციას, რომელიც გვაქვს „სტრატეგია აღმაშენებელთან,” „დროასთან” და იმ 120-მდე ადამიანთან, ვინც 24 თებერვლის აქცია დააანონსა. ეს თანამშრომლობა ეხება უკრაინის საკითხებს, ევროკავშირისა და სტატუსის საკითხებს. ამ თანამშრომლობას ჩვეულებრივად ვაგრძელებთ. სხვა საკითხია დიდი ოპოზიციური გაერთიანება, რომელზეც ვმუშაობდი შარშან ივნისიდან მოყოლებული. ამის პერსპექტივა ახლა არ ჩანს, ამიტომ ამ საკითხის განხილვა გადაიდო მომავლისთვის, ოღონდ ეს არის „გირჩის” შიდაპარტიული გადაწყვეტილება.

ბევრი მიზეზი დავასახელეთ, მათ შორის იმ პროცესების გამო, რომლებიც განვითარდა „ნაციონალურ მოძრაობაში”, რაც ყველამ ვნახეთ, რა ინფორმაციებიც გამოვიდა, რა ქმედებებიც ვნახეთ. ახლა საუბარი რაიმე დიდ გაერთიანებაზე შეუძლებელია“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება კითხვას, ჰქონდა თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან კომუნიკაცია, ჯაფარიძის თქმით, შიდაპარტიული არჩევნების შემდეგ არავისთან ჰქონია კომუნიკაცია.

„არა, არჩევნების მერე არავისთან არ მქონია კომუნიკაცია, თუმცა ალბათ მექნება. იქნება ბევრი თემა, მაგალითად, ევროკავშირის თემა იქნება, ან სააკაშვილის, სადაც „ნაციონალურ მოძრაობასთანაც” ვიქნებით რაღაც კოორდინაციაში“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.