გურამ მაჭარაშვილი - ყველა ქვეყანასთან ვაპირებთ პარტნიორულ ურთიერთობას, მაგრამ არ ვაპირებთ, ქართველი ხალხის შეურაცხყოფა გავუტაროთ, ნება იბოძონ და ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას პატივი სცენ
ყველა ქვეყანასთან ვაპირებთ პარტნიორულ ურთიერთობას, მაგრამ არ ვაპირებთ, ქართველი ხალხის შეურაცხყოფა ვინმეს გავუტაროთ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა სცეს.
„ყველა პოლიტიკურმა ძალამ რომ კანონის უზენაესობა უნდა დაიცვას, ამას ჩვენ ყოველდღე ვამბობთ. კანონში და კონსტიტუციაში რაც წერია, დაცული უნდა იყოს და ამას ჩვენ ვიცავთ. სამწუხაროდ, ამას არ აკეთებს ოპოზიცია. რაც შეეხება დანარჩენ გზავნილებს, მათ შორის ბაიდენის ადმინისტრაციას შევახსენებ ორი წლის წინ ამერიკის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნას. დასკვნაში პირდაპირ ეწერა კომისიის წევრებზე ზეწოლა, ბულინგი და ა.შ. ჩვენთან მსგავსი რამ ამ არჩევნებზე ეუთო/ოდირს არ დაუწერია და ამ მიმართულებით არანაირი პრეტენზია არ ყოფილა. შესაბამისად, ქართველმა ხალხმა იცის არა მარტო ეუთო/ოდირის დასკვნა, არამედ რა პროცესები მიმდინარეობდა 26 ოქტომბერს. არანაირი ძალადობა არ ყოფილა. თუ იყო ძალადობა, სამწუხაროდ, რამდენიმე უბანზე, იყო ისევ პარტიების მიერ დაქირავებული ზონდერების მხრიდან. ეს ნამდვილად იყო. ჩვენ ყველა ქვეყანასთან, ამერიკის შეერთებული შტატები იქნება, ევროკავშირი თუ სხვა ჩვენი მეზობელი ქვეყანა, ვაპირებთ პარტნიორულ ურთიერთობას, მაგრამ არ ვაპირებთ, ქართველი ხალხის შეურაცხყოფა ვინმეს გავუტაროთ. ყველამ ნება იბოძოს და ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას პატივი სცეს, ისევე, როგორც ერთ კვირაში ჩვენ პატივს ვცემთ ამერიკული საზოგადოების გადაწყვეტილებას, როგორი გადაწყვეტილებაც უნდა იყოს ეს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
თეთრმა სახლმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადება გაავრცელა.