გურამ მაჭარაშვილი - ვირუსის გავრცელების რისკსა და საზოგადოების სოციალურ მდგომარეობას შორის ბალანსი უნდა იყოს დაცული, რასაც ითვალისწინებს ჯარიმების პატიება
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, ჯარიმების ამნისტიის ინიციატივა ვირუსის გავრცელების რისკსა და საზოგადოების სოციალურ მდგომარეობას შორის ბალანსის დაცვას ითვალისწინებს.
მან კომენტარი გააკეთა პრემიერის ინიციატივაზე, რომელიც კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების ამნისტიას გულისხმობს.
„პრემიერის ინიციატივით ჯარიმები, რომელიც არის გამოწერილი ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, უნდა გაუქმდეს. დღეს აღარ არის იმის აუცილებლობა, რომ იყოს შეზღუდვები და სოციალური მდგომარეობაც არის ისეთი, რომ უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ და მთავრობამ. სწორედ ამას ემსახურება პრემიერის ინიციატივა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, ჯარიმები ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შესაკავებელ პრევენციულ ღონისძიებას წარმოადგენდა.
„ჯარიმები იყო პრევენციული სახის. შეზღუდვები, რომელიც დაწესდა იმისთვის, რომ დაბალი ყოფილიყო კოვიდგავრცელება ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ჯარიმების არსებობა ზოგადად პრევენციას ემსახურებოდა. დღეს, მეტნაკლებად დასტაბილურდა პროცესები და პრემიერმა დააინიცირა, რომ მოქალაქეებზე გამოწერილი ჯარიმები მათ ეპატიოთ, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოების სოციალური მდგომარეობა მან გაითვალისწინა.
ბალანსი მეტნაკლებად უნდა იყოს დაცული რაც ეხება კოვიდპანდემიის გავრცელების რისკს და მეორეს მხრივ საზოგადოების სოციალურ მდგომარეობას. სწორედ ამ ბალანსის დაცვით, პრემიერი შემოვიდა ინიციატივით, რომ დღეს არსებული ჯარიმები, რომელიც აქვთ მოქალაქეებს, ეპატიოთ. ეს არ ნიშნავს, რომ რეგულაციები უნდა დავარღვიოთ. ჩვენი სამოქალაქო შეგნება უნდა იყოს იმ დონეზე, რომ ჯარიმის არსებობა-არარსებობის მიუხედავად დაწესებული რეგულაციები უნდა შესრულდეს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.