გურამ მაჭარაშვილი - „სირცხვილიას“ დარეგისტრირებით საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი დასრულდა, მოსარჩელეებს გამოეცალათ საფუძველი, მეორედ მოსვლა მოხდება, თუ ვინმე დარეგისტრირდებაო
გურამ მაჭარაშვილი - „სირცხვილიას“ დარეგისტრირებით საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი დასრულდა, მოსარჩელეებს გამოეცალათ საფუძველი, მეორედ მოსვლა მოხდება, თუ ვინმე დარეგისტრირდებაო

ორგანიზაცია „სირცხვილიამ“ დაინახა, რომ უაზროა გამჭვირვალობასთან ბრძოლა და დარეგისტრირდა, საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი დასრულდა, მოსარჩელეებს გამოეცალათ ყველანაირი საფუძველი, ილაპარაკონ, მეორედ მოსვლა მოხდება, თუ ვინმე დარეგისტრირდებაო, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დარეგისტრირება მტკივნეული არ ყოფილა, რასაც „ხალხის ძალა“, წელიწადზე მეტია, ამბობს.

„დარეგისტრირება მტკივნეული არ ყოფილა, ხომ ხედავთ. წელიწადზე მეტია, ამას ვამბობთ, რომ აბსოლუტურად უმტკივნეულოდ დარეგისტრირდებით და გააგრძელებთ საქმიანობას. „სირცხვილიამაც“ კი, რომელიც ყველაზე დიდად არის რადიკალური ფრთა, წაიკითხა კანონი და ნახა, რომ არის აბსოლუტურად უმტკივნეულო დარეგისტრირება. იმაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს, „სირცხვილია“ რომ გაჯობებს კანონის წაკითხვაში. დანარჩენებს შეიძლება ეს პასუხიც გავცეთ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვხედავთ, გამჭვირვალობის წინააღმდეგ ვერავინ ვერ წავა, გამჭვირვალობა, სინათლე ყოველთვის იმარჯვებს სიბნელეზე და შავ ფულზე. გარდა ამისა, „სირცხვილიამ“ ამ დარეგისტრირებით პრაქტიკულად დაასრულა საკონსტიტუციოში პროცესი, რაც, რა თქმა უნდა, წაგებისთვის იყო განწირული. რაღას საუბრობს ახლა ზურაბიშვილის შემადგენლობა, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაცენჯეოები“ წარმოუდგენელია. როდესაც ყველაზე მეტი დამსახურება თუ ვინმეს აქვს ბოლო თვეებში და წლებში რადიკალური ოპოზიციის გარადიკალიზმების, ეს არის ზუსტად ორგანიზაცია „სირცხვილია“ და მან დაინახა, რომ უაზროა გამჭვირვალობასთან ბრძოლა და დარეგისტრირდა. შესაბამისად, დაასრულა საკონსტიტუციო პროცესი, მოსარჩელეებს გამოეცალათ ყველანაირი საფუძველი, ილაპარაკონ, რომ მეორედ მოსვლა მოხდება, თუ ვინმე დარეგისტრირდება და სხვა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.