გურამ მაჭარაშვილი - საზოგადოება ახლა სწორად არის ინფორმირებული და საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის შესახებ განცხადებები უკვე ფარატინა ქაღალდებია
გურამ მაჭარაშვილი - საზოგადოება ახლა სწორად არის ინფორმირებული და საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის შესახებ განცხადებები უკვე ფარატინა ქაღალდებია

პარტია „ხალხის ძალის“ წევრის გურამ მაჭარაშვილის თქმით, დღეს საზოგადოება სწორად არის ინფორმირებული და ევროპიდან და ევროკავშირიდან გაკეთებული განცხადებები საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის შესახებ უკვე ფარატინა ქაღალდებია.

აღნიშნული კომენტარით გურამ მაჭარაშვილმა უპასუხა კითხვას, რომელიც შეეხებოდა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორის, მაიკლ კარპენტერის „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუს, სადაც კარპენტერმა აღნიშნა: „საქართველოს ტრაექტორია ძალიან გვაწუხებს. ბოლო დროს განხორციელებული ანტიდემოკრატიული ქმედებები, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების სივრცის შემცირება ჩვენთვის შემაშფოთებელია“.

მაჭარაშვილის განმარტებით, საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს მოწინავე ადგილებზე ასახელებენ დემოკრატიის განვითარების კუთხით, რასაც საზოგადოება ხედავს.

„ქართული საზოგადოება უკვე მაღალ დონეზეა ინფორმირებული და ვერცერთი განცხადება ვერც ევროპიდან და ვერც ევროკავშირიდან ვეღარ დააზიანებს საქართველოს საზოგადოების აზროვნებას, რადგან მათი მძლავრი იარაღი დეზინფორმაციაა. ადრე დეზინფორმირებულ ადამიანს მარტივად მართავდნენ, მაგრამ ახლა საზოგადოება სწორად ინფორმირებულია და გაცვდა სიტყვები – საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა. საზოგადოება ხედავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს პირველ-მეორე ადგილზე ასახელებენ დემოკრატიის განვითარების კუთხით თუ გამჭირვალობის თვალსაზრისით. ეს განცხადებები უკვე ფარატინა ქაღალდებია“, – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს.