გურამ მაჭარაშვილი - საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში კონსტიტუციაში გაჩნდება ჩანაწერები, რომლებიც კიდევ უფრო გაამყარებს მშვიდობას და ჩვენს ღირებულებებს
გურამ მაჭარაშვილი - საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში კონსტიტუციაში გაჩნდება ჩანაწერები, რომლებიც კიდევ უფრო გაამყარებს მშვიდობას და ჩვენს ღირებულებებს

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი განმარტავს, რატომ არის საჭირო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს.

მაჭარაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში კონსტიტუციაში ისეთი ჩანაწერები გაჩნდება, რომლებიც დაიცავს და გაამყარებს ღირებულებებს.

„ჩვენი გზავნილები ყოველთვის იყო მორგებული საქართველოს და საზოგადოების ინტერესებზე. მთელ მსოფლიოში არის უდიდესი გამოწვევები, უდიდესი შეტევაა ტრადიციულ ცხოვრებაზე, მაგრამ ჩვენ საქართველოზე ვაგებთ პასუხს. პირდაპირი გამოწვევებია ომის კუთხით, აქედან გამომდინარე, ქართული საზოგადოების ინტერესშია, პირველ რიგში, შევინარჩუნოთ მშვიდობა; მეორე ინტერესია, დავიცვათ ტრადიციები და ოჯახური ღირებულებები, მათ შორის კონსტიტუციის დონეზე. ამიტომ, ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, ჩვენი უმთავრესი გზავნილებია მშვიდობისა და ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნება, რაზეც მთელი ისტორიის განმავლობაში იდგა საქართველო. საკონსტიტუციო უმრავლესობა ბევრი რამისთვისაა საჭირო. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავაკანონოთ, რომ ქვეყანაში ვეღარავინ შეძლოს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება და პარტნიორების მხრიდან შვილად აყვანა. საკონსტიტუციო უმრავლესობა საჭიროა, მათ შორის, ისეთი სისტემის შექმნისთვის, რომელიც ქვეყანას მშვიდობას მოუტანს და ვეღარასოდეს ვეღარავინ  შეეხება, რომ მეორე ფრონტი იყოს ან გაუკუღმართებული ცხოვრება ვინმემ დააკანონოს. ასევე, უმთავრესია „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც დამნაშავე რეჟიმის გაუქმება და ეს ვერ მოხდება, თუ არ მოხდა გასამართლება, შესაბამისი პროცედურები. გასამართლება არც სამართლებრივი თვალსაზრისით და არც პოლიტიკურად ძნელი არ იქნება, რადგან უამრავი მტკიცებულება არსებობს ამ სისტემის დანაშაულებთან დაკავშირებით. არა მარტო ქართული მართლმსაჯულების, არამედ სტრასბურგის სასამართლოს სულ რამდენიმე მაგალითია საჭირო, მათ შორის ოჩიგავა-საქართველოს წინააღმდეგ რამდენიმე თვის წინ იყო. საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ციხეებში შექმნილი იყო წამების ინსტიტუტი.

რამდენიმე წლის წინ სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ ჩაწერა, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს შექმნილი იყო ერთიანი მავნებლური რეჟიმი, რომელმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე მოსპო ქვეყანაში. უამრავი შიდა თუ გარე მტკიცებულებები არსებობს იმისთვის, რომ პოლიტიკური ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არსებობდეს. საკონსტიტუციო უმრავლესობის შემთხვევაში კონსტიტუციაში ისეთი ჩანაწერები გაჩნდება, რომლებიც კიდევ უფრო გაამყარებს, ერთი მხრივ, მშვიდობას და, მეორე მხრივ, ჩვენს ღირებულებებს. ვენეციის კომისია კაცის გათხოვების დაკანონებას პირდაპირ გვთხოვს. თურმე საჭირო ყოფილა კონსტიტუციაში ღირებულებების დაცვა. ამიტომაც გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ ვეღარავინ შეძლოს, ქართულ იდენტობას შეეხოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.