გურამ მაჭარაშვილი - პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ადამიანის გარდაცვალების სამწუხარო ფაქტი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არ უნდა გამოიყენონ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარშვილის განცხადებით, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ექსპერტიზისა და გამოძიების შედეგებს უნდა დაელოდონ.
მაჭარაშვილის თქმით, ადამიანის გარდაცვალების სამწუხარო ფაქტი პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არ უნდა გამოიყენონ.
„სამწუხარო ფაქტი მოხდა. უნდა დაველოდოთ, ექსპერტიზასა და გამოძიებას, რომელიც საზოგადოებას პერიოდულად ინფორმაციას აწვდის. თქვენ იცით, რომ ოპოზიციას ხელისუფლებისა და ძალაუფლების მოპოვების სურვილი აქამდეც ჰქონდა, ამის შემდეგაც ექნება. საზოგადოება ხედავს, რომ უნდა არსებობდეს რაიმე სახის საფუძვლები, რაც არ არსებობს. ერთია, ადამიანის გარდაცვალების სამწუხარო ფაქტი, მაგრამ პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ეს თავიანთი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არ უნდა გამოიყენონ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გუშინ გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია და მიმდინარეობს ექსპერტიზა. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.