ალეკო ელისაშვილი - აუცილებელია, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის გამოძიებაში უცხოელი ექსპერტები ჩაერთონ, რაც პროცესს სანდოს გახდიდა
ალეკო ელისაშვილი - აუცილებელია, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის გამოძიებაში უცხოელი ექსპერტები ჩაერთონ, რაც პროცესს სანდოს გახდიდა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე საჭიროა პასუხი კითხვაზე, რა გახდა ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი.

ელისაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, გამოძიების პროცესში უცხოელი ექსპერტები ჩაერთონ, რათა პროცესი სანდო იყოს.

„სანდო პასუხი გვინდა, არა ის, რაც მოიფიქრეს ან მოიფიქრებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ან ექსპერტიზის ბიუროში, არამედ გვინდა, სანდო და ნამდვილი პასუხი. სანდო პასუხი რომ მივიღოთ, აუცილებელია, გამოძიებაში უცხოელი ექსპერტები ჩაერთონ, რაც პროცესს სანდოს გახდიდა. ეს ამბავი ორად უნდა გავყოთ, რათა ზედმეტი კუდები არ ედებოდეს არც ერთ საკითხს. მეორეა, გარდაცვალების ამბავი. გარდაცვალების ამბავზე რომ არ იყოს ჭორები და სიბუნძურეები, ნამდვილი პასუხი გვინდა, რის შედეგად გარდაიცვალა ლექსო ლაშქარავა. 5 ივლისი არის ცალკე საკითხი, სადაც ათეულობით ჟურნალისტზე, ოპერატორსა და ფოტოგრაფზე იძალადეს მიზანმიმართულად. გავეშებული ადამიანების ერთი ჯგუფი დასდევდა მეორე ადამიანების ჯგუფს, ამას სჭირდება რეალური გამოძიება და ყველას დასჯა. სირცხვილია, რომ 5 ივლისის შემდეგ გომელაური თავს მინისტრად მიიჩნევს. როცა ქუჩაში ვერაფერს აკონტროლებ, უნდ ინამუსო და წახვიდე“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გუშინ გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია და მიმდინარეობს ექსპერტიზა. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.