გურამ მაჭარაშვილი - პოლიტიკოსების მხრიდან ინდივიდუალურად მოსამართლეებზე შეტევა ნიშნავს კონსტიტუციის დარღვევას, სადაც წერია, რომ მოსამართლე არის ხელშეუხებელი
პოლიტიკოსების მხრიდან ინდივიდუალურად მოსამართლეების მიმართ შეტევა ნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია ირღვევა, სადაც წერია, რომ მოსამართლე არის ხელშეუხებელი, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
დეპუტატი გამოეხმაურა მოსამართლეებმა ერთობლივ მიმართვას, სადაც ისინი ყველა მხარეს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ სასამართლო სისტემის დისკრედიტაციისგან.
„უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მართლმსაჯულება როგორც ხელისუფლობის მესამე შტო უნდა იყოს დამოუკიდებელი. თუ გვინდა, რომ ეს იყოს პოლიტიკისგან მაქსიმალურად დამოუკიდებელი, როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციამ ნაკლებად უნდა მოვიხსენიოთ პოლიტიკურ კონტექსტში, როდესაც პოლიტიკოსი, მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ის ოპოზიციონერი თუ უმრავლესობის წევრი, აკრიტიკებს მოსამართლეს ინდივიდუალურად ან სისტემაში მიმდინარე ისეთ პროცესებს, რომელიც არის ამ შტოს გადასაწყვეტი. სხვა შემთხვევაში, ბუნებრივია, რომ რეფორმები უნდა გატარდეს როგორც პარლამენტის მხრიდან, ისე ზოგადად ჩვენი პარტნიორების ჩართულობით, მაგრამ ის, რომ ჩვენ ინდივიდუალურ შეტევებზე გადავიდეთ, ინდივიდუალურ სუბიექტებზე გადავიდეთ მოსამართლეების მიმართ, ეს ნიშნავს სწორედ, რომ საქართველოს კონსტიტუცია ირღვევა, სადაც წერია, რომ მოსამართლე არის ხელშეუხებელი. პოლიტიკური გემოვნების საკითხია ნებისმიერი მოსამართლის პოზიტიურად თუ ნეგატიურად მოხსენიება, ესა თუ ის მოსამართლე უნდა დაინიშნოს თუ არა უზენაეს სასამართლოში, ესეც გახლავთ სუბიექტური და პოლიტიკური. დღეს თუ გურამ მაჭარაშვილს მიაჩნია, რომ უნდა დაინიშნოს ეს პირი მოსამართლედ, ხვალ სხვა იქნება პარლამენტის წევრი და მისი სუბიექტური შეხედულება იქნება განსხვავებული. უნდა შევეგუოთ იმას, რომ როდესაც ქვეყანაში არსებობს დემოკრატიული სისტემა და ამ სისტემით არჩეული პარლამენტი და კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტი ნიშნავს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებს, ჩვენ შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ გავაკრიტიკით სისტემა, პროცესი თავად, რასაც ვერავინ აკრიტიკებს, რადგანაც საკმაოდ გამჭირვალეა, მაგრამ არამც და არამც არ შეიძლება, რომ პოლიტიკოსებმა პიროვნებებს, მოსამართლეებს შევუტიოთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, მართლმსაჯულების პროცესის შეფერხება არ შეიძლება, თუმცა რეფორმები უნდა გაგრძელდეს და გაგრძელდება კიდეც.
„არ შეიძლება, ხელისუფლების მესამე შტოს – მართლმსაჯულების, რომელიც არის პირველი ორი შტოს დამაბალანსებელი, ისეთ კონტექსტში ხსენება, სადაც პიროვნებები, მოსამართლეები ჩანან. გამომდინარე აქედან, ბუნებრივია, რომ ეს იძენს პოლიტიკურ ხასიათს. როდესაც პოლიტიკოსი იხსენიებს მოსამართლეს სუბიექტურად, ბუნებრივია რომ პოლიტიკური ზეწოლა არსებობს. რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, როგორც მოსამართლისთვის, უმრავლესობის წევრი გააკეთებს განცხადებას სუბიექტურად ჩემ მიმართ თუ ოპოზიციის წარმომადგენელი?! მე ყველა შემთხვევაში ვხვდები პოლიტიკური გავლენის ქვეშ. პოლიტიკისგან მაქსიმალურად დაცლა ნიშნავს იმას, რომ მართლმსაჯულებაში, მით უფრო ინდივიდუალურად, სუბიექტურად, არ შეიძლება მოსამართლეების საჯაროდ მოხსენიება. შეიძლება, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ქვეყანაში რომელიმე პოლიტიკოს არ მოსწონდეს არსებული მოსამართლე ყველა ინსტანციაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მასზე განახორციელოს პოლიტიკური ზეწოლა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.