გურამ მაჭარაშვილი - პოლიციას მოვუწოდებთ, იდგნენ იმ სტანდარტებში, რასაც დღემდე აკეთებენ, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ ძალადობის რისკი
გურამ მაჭარაშვილი - პოლიციას მოვუწოდებთ, იდგნენ იმ სტანდარტებში, რასაც დღემდე აკეთებენ, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ ძალადობის რისკი

პოლიციასთან, რომელიც ბოლო დროს მაღალი სტანდარტებით მოქმედებს, ჩვენ გვექნება მოწოდება, რომ ისინი იდგნენ იმ სტანდარტებში, რასაც დღემდე აკეთებენ, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ რისკი, რასაც ძალადობის ფაქტები ჰქვია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

„ამის ფონზე, რაც ახლა ვთქვი, არ არსებობს სახელმწიფო, სადაც ძალადობა გამორიცხული იყოს და პრევენციული ხასიათის ზომები ისე იყოს მიღებული, რომ ეს ძალადობას გამორიცხავდეს. ასეთი სახელმწიფო არ არსებობს. უბრალოდ, საუბარია იმაზე, რომ მოვახდინოთ პრევენცია, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ დანაშაული“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გუნდისთვის ყოველთვის მიუღებელი იყო, არის და იქნება ძალადობა, რომელი ჯგუფის წარმომადგენლის მხრიდანაც არ უნდა იყოს ის.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არ მოხდა სამართალდამცველთა მეტი მობილიზება და მეტი პრევენციული ზომების გატარება მაშინ, როცა გარკვეული ჯგუფების მხრიდან მუქარის შემცველი განცხადებები თვეებით ადრე ისმოდა, გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ როგორც შსს-მ განაცხადა, აგრესიული ადამიანების გადაადგილება ბევრ ლოკაციაზე სწრაფად მოხდა და პოლიციას პროცესების მართვა ამიტომ გაურთულდა.

„რაც შეეხება პოლიციელთა გადაადგილებას და ოპერაციების დეტალებს, ამასთან დაკავშირებით გაკეთდა განცხადება. თუ მეტ დეტალებში შესვლაა, ალბათ, უპრიანი იქნება, ეს თავად ამ უწყების ხელმძღვანელებმა გააკეთონ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა. 

მისი თქმით, ქვეყანაში ყველა მოქალაქისა და ჯგუფის გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია, თუმცა შესაბამისი პასუხისმგებლობით.

მაჭარაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ აბსოლუტურად ყველა სივრცეშია შესაძლებელი, რომ მოქალაქეებმა საკუთარი აზრი საჯაროდ გამოხატონ, „პრაიდის“ წარმომადგენლები იქნებიან ეს, ნებისმიერი უმცირესობის, თუ უმრავლესობის წარმომადგენლები.

„ეს დაცულია და აქ სპეკულაციები არ არის საჭირო. სამწუხაროდ, ამასაც აქვს ადგილი. პირდაპირ მინდა, გითხრათ, რომ საზოგადოების ის ნაწილიც ღიზიანდება, ვინც ხედავს, რომ ყველას აქვს უფლება, გამოვიდეს და საჯაროდ თავისი პოზიცია დააფიქსიროს, მაგრამ ამას საპირისპიროდ თარგმნიან. ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ სივრცეში შეუძლია პოზიციის დაფიქსირება, მაგრამ კანონის ფარგლებში. ვინ ვინ შეზღუდა და ვინ ვის დაუშალა, რომ მათ შორის, მედიის საშუალებით პოზიცია დააფიქსიროს?“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეკითხვაზე, უნდა მოვიდეს თუ არა პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხის გასაცემად შს მინისტრი, თუ რატომ ვერ მოხდა ძალადობის პრევენცია და ძალადობის ფაქტებზე დროული რეაგირება, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში აღმასრულებელი ხელისუფლების პარლამენტში დაბარება და მოსვლა გაადვილდა.

„მით უფრო, მათ ვალდებულებები აქვთ. მინიმუმ, ყოველ ორ-სამ კვირაში ერთხელ, სესიის პერიოდში, პარლამენტში თითო მინისტრი უნდა მოვიდეს. რაც შეეხება ამ შემთხვევაში კონკრეტულად შს მინისტრის დაბარებას, ესეც მარტივად არის ჩაწერილი რეგლამენტში – პარლამენტის ნებისმიერ წევრს, კომიტეტის მეშვეობით, საშუალება აქვს, მინისტრი დაიბაროს და ამ შემთხვევაში, თავმჯდომარესთან და მინისტრთან კონსულტაციების საფუძველზე ხდება მინისტრის მოსვლა, რეგლამენტის შესაბამისად. ამის პრობლემა ფორმალურად, არ არსებობს. რაც შეეხება კონკრეტული მინისტრის მოსვლას, ბუნებრივია, ეს თავად მინისტრის და შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარის კონსულტაციების საფუძველზე უნდა მოხდეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.