გურამ მაჭარაშვილი - პირველად ვხედავ, თავგამოდებით იბრძოდეს ადვოკატი, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საპყრობილედან არ გამოვიდეს
გურამ მაჭარაშვილი - პირველად ვხედავ, თავგამოდებით იბრძოდეს ადვოკატი, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საპყრობილედან არ გამოვიდეს

პირველად ვხედავ, თავგამოდებით იბრძოდეს ადვოკატი იმასთან დაკავშირებით, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საპყრობილედან არ გამოვიდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილი ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს უცნაური პროცესი, როცა ადვოკატი ცდილობს, დაცვის ქვეშ მყოფი პირი ნებისმიერ ფასად დატოვოს საპყრობილეში.

მაჭარაშვილის განმარტებით, ადვოკატის განცხადების შინაარსი სპეკულაციურია.

„ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ არც ერთი ხერხით არ მოხერხდეს, ნიკა მელიამ საპყრობილე დატოვოს. უცნაური პროცესია, როდესაც ადვოკატი ცდილობს, ნებისმიერ ფასად დატოვოს საპყრობილეში თავისი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქე. რაც შეეხება განცხადებაში აღნიშნულ შინაარსს, თავიდან ბოლომდე ეს არის სპეკულაციური გამომდინარე იქიდან, რომ თუ ბატონი მელია გადაწყვეტს, რომ გირაო გადაიხადოს, პროკურატურას საჯაროდ აქვს გაცხადებული ის შუამდგომლობა, რომლის დაკმაყოფილებასაც აპირებს. აქედან გამომდინარე, დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაციები და მიმართული იქითკენ, რომ რაღაცნაირად შეძლონ და მელია თავისივე მხარდამჭერებმა, ადვოკატის ხელმძღვანელობით, საპყრობილეში დატოვონ.

ის გასაღები, რომლითაც კარები უნდა გააღოს მელიამ და საპყრობილედან გამოვიდეს, მის, ადვოკატის და მხარდამჭერების ხელშია. ეს განცხადება კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რომ ნიკა მელია არა პოლიტპატიმარი, არამედ პოლიტიკოსია, რომელსაც რატომღაც სურს, ამ ეტაპზე იჯდეს საპყრობილეში და რაღაცნაირად მიითვისოს პოლიტპატიმრის სტატუსი“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის ინფორმაციით, „ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელის, ბესიკ ბოგველის სახელით „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მიიღეს წერილი, რომლის თანახმადაც, ბოგველმა მიმართა პროკურატურას და მზადყოფნა გამოთქვა, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული გირაო გადაიხადოს. როგორც ადვოკატი ამბობს, „დიდი ალბათობით, ეს ხელისუფლების დადგმული სპექტაკლია“.