გურამ მაჭარაშვილი - პრეზიდენტმა მეტი უნდა იკითხოს საქართველოს კონსტიტუცია და სახელმწიფოს, საზოგადოებას მეტად დაუგდოს ყური
პარლამენტი ვალდებული არ არის, პრეზიდენტს ვინც მოეპრიანება, ის უპირობოდ დაამტკიცოს. სულ მცირე, წინასწარი კონსულტაცია უნდა არსებობდეს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის წინააღმდეგ არავინ ილაშქრებს.
„პრეზიდენტმა მეტი უნდა იკითხოს საქართველოს კონსტიტუცია და სახელმწიფოს, საზოგადოებას მეტად უნდა დაუგდოს ყური. როცა ამბობს, რომ ზეპარტიულია და შუამავლობის ამბიცია აქვს, ეს არა მხოლოდ მაშინ უნდა გამოიყენოს, როცა მას სჭირდება, არამედ მაშინ, როცა კონსტიტუციურ უფლებამოსილებას ასრულებს და კანდიდატურებს წარადგენს. რომელ ქვეყანაშია ისე, რომ კანდიდატის წარდგენამდე კონსულტაციებს არ მართავს? პრეზიდენტის წინააღმდეგ არავინ ილაშქრებს. პარლამენტი ვალდებული არ არის, პრეზიდენტს ვინც მოეპრიანება, წარმოადგინოს და ის უპირობოდ დაამტკიცოს. სულ მცირე, წინასწარი კონსულტაცია უნდა არსებობდეს, ვინც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. კონსტიტუციაში არც ის წერია, რომ ზეპარტიულმა პრეზიდენტმა მართვასთან დაკავშირებით ჩაატაროს ბრიფინგები. კონსტიტუციაში იმას ვერ ჩაწერენ, რაც ელემენტარულია – კანდიდატურის წარდგენაზე კონსულტაცია უნდა გამართო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე წარუდგინა.