გურამ მაჭარაშვილი - ნულოვანი ბარიერი ქუჩაში სამსჯელო თემა ვერ გახდება, მობრძანდნენ პარლამენტში და დააყენონ ეს საკითხი
ნულოვანი ბარიერი ქუჩაში სამსჯელო თემა ვერ გახდება, მობრძანდნენ პარლამენტში და დააყენონ ეს საკითხი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მაჭარაშვილის თქმით, კონსტიტუციით უკვე გაწერილია, რომ 2024 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, ბარიერს რაც შეეხება, მმართველმა გუნდმა მისი ნულიდან სამ პროცენტამდე დაწევის ინიციატივა გამოთქვა, თუმცა ამაზე უნდა იმსჯელონ.
„თუ არ ვცდები, „გირჩის“ შემოთავაზება იყო და ახლა „რესპუბლიკურ პარტიასაც“ დაუანონსებია ეს შეთავაზება, რომ ბარიერთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თუ მივიღებთ, ისინი გააგრძელებენ საპარლამენტო საქმიანობას. „ქართულმა ოცნებამ“ ეს გადაწყვეტილება გაზაფხულზე მიიღო და ჩვენ სწორედ ამ სისტემით, პრაქტიკულად ნულოვანი ბარიერით ჩავატარეთ არჩევნები. ამ შემთხვევაში ხალხმა მათ მანდატი მიანიჭა, ისინი კი მათ მიერვე მოთხოვნილი საარჩევნო სისტემით მიღებულ მანდატებზე უარს ამბობენ. არ უნდათ, პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება და ახლა ამბობენ, რომ პროპორციული სისტემა იყოს ნულოვანი ბარიერით.
პირველი პირობა, პროპორციული სისტემა უკვე არსებობს, წაიკითხონ კონსტიტუცია, სადაც წერია, რომ 2024 წელს პროპორციული არჩევნები ტარდება. რაც შეეხება ბარიერს, ჩვენ ვამბობთ, რომ ხუთი პროცენტის ნაცვლად იყოს დაბალი – ნულიდან სამამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება იყოს ნული, შეიძლება იყოს ერთი და ა.შ ეს უნდა იყოს სამსჯელო თემა, ანუ მათი ორივე პირობა ამ შემთხვევაში შესრულებულია. ეს ქუჩაში სამსჯელო თემა ვერ გახდება. მობრძანდნენ პარლამენტში და დააყენონ ეს საკითხი.
გადაწყვეტილებას მივიღებთ ისე, როგორც პოლიტიკურ პროცესებს დასჭირდება. კარგია, რომ მათ რაღაც ნაბიჯი გადმოდგეს და ასე ვთქვათ განცხადება გააკეთეს, რომ გარკვეული ვალდებულება შეასრულონ საქართველოს პარლამენტში, მაგრამ ბოლომდე შეასრულონ ეს დაკვეთა, მობრძანდნენ პარლამენტში. ისინი ხალხმა აირჩია არა საჯარო განცხადებებისთვის, არამედ პარლამენტში ტრიბუნიდან უნდა თქვან ის, რაც მიაჩნიათ, რომ სათქმელია“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
„რესპუბლიკური პარტია“ მზადყოფნას გამოთქვამს, უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემის საკითხს კენჭისყრაზე მხარი დაუჭიროს. სამნიძე განმარტავს, რომ პარტია პარლამენტის ბოიკოტს გააგრძელებს, თუმცა მზად არის, უბარიერო პროპორციული არჩევნების საკითხს კენჭისყრაზე მხარი დაუჭიროს.