გურამ მაჭარაშვილი - ნებისმიერი ფორმით ძალადობა მიუღებელი და ყველას მხრიდან დასაგმობია
გურამ მაჭარაშვილი - ნებისმიერი ფორმით ძალადობა მიუღებელი და ყველას მხრიდან დასაგმობია

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ნებისმიერი ფორმით ძალადობა მიუღებელი და დასაგმობია.

როგორც მაჭარაშვილმა თანაგუნდელ ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის შესახებ საუბრისას აღნიშნა, ძალადობა მიუღებელია ყველა ადამიანის მხრიდან, რომელ პოლიტიკურ პარტიასაც არ უნდა წარმოადგენდეს ის.

„ძალადობა ყველანაირი ფორმით და ყველას მხრიდან მიუღებელია, მით უფრო, თუ ეს ხორციელდება საზოგადოებრივ სივრცეში. არ აქვს მნიშვნელობა, საჯარო მოხელე იქნება თუ არა, ძალადობა მიუღებელია. დეპუტატს საზოგადოების მიმართ აქვს ვალდებულება, თავშეკავებული იყოს და ამით არც ერთმა პირმა ცუდად არ უნდა ისარგებლოს. ძალადობა და შეურაცხყოფა მიანიშნებს მხოლოდ იმაზე, რომ ამ ხალხს ძალადობისა და შეურაცხყოფის მეტი არგუმენტაცია, რესურსი არ გააჩნია. დარწმუნებული ვარ, გამოძიება დაადგენს დეტალებს, რომლებიც ნათელს მოფენს იმას, თუ რა მიზანს ემსახურებოდა აღნიშნული ქმედებები. ფაქტია, რომ რაც მოხდა მიუღებელი და არასწორია. ძალადობა და შეურაცხყოფა, იქნება ეს საზოგადოებრივ სივრცეში, თუ არასაზოგადოებრივში, მიუღებელი და დასაგმობია“ ,- განაცხადა  გურამ მაჭარაშვილმა.

ამასთან, მაჭარაშვილის თქმით, არ აქვს ინფორმაცია, დაკავებული პირი არის თუ არა „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, როგორც ამას მამუკა ხაზარაძე ამბობს.

„არ ვიცი, ვერ გეტყვით. დეტალები ჩემთვის ცნობილი არ არის. ფაქტია ის, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი იქნება თუ არა, ჩვენ ვერავის დავიცავთ. „ქართული ოცნების“ მოქმედი წევრიც რომ იყოს, იგივენაირად ვიტყოდი, რომ ფორმა მიუღებელი და დასაგმობია“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ანრი ოხანაშვილს ერთმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში მიაყენა, სადაც დეპუტატი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.