გურამ მაჭარაშვილი - „ნამახვანჰესის“ პროექტი იმ დონეზეა, რომ ევროკავშირის შესაბამისმა კომისიამ პოზიტიური დასკვნა გამოაგზავნა
გურამ მაჭარაშვილი - „ნამახვანჰესის“ პროექტი იმ დონეზეა, რომ ევროკავშირის შესაბამისმა კომისიამ პოზიტიური დასკვნა გამოაგზავნა

„ნამახვანჰესის“ პროექტი იმ დონეზეა, რომ ევროკავშირის შესაბამისმა კომისიამ პოზიტიური დასკვნა გამოაგზავნა. გარდა ამისა, ეს არის 800 მილიონიანი პროექტი, საიდანაც ინვესტორს, „ენკას“ დახარჯული აქვს უკვე 100 მილიონი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კომპანია „ენკასთვის“ თანხა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოყო. ამასთან, აღნიშნა, რომ „იბიარდი“ 800 მილიონ დოლარს არ ჩადებს ისეთ პროექტში, რომელიც ან მომგებიანი არ იქნება, ან შეიძლება, საფრთხეს წარმოადგენდეს ქვეყნისთვის.

„ჰესების მშენებლობა რომ აუცილებელია, ამაზე ყველა ვთანხმდებით. კონკრეტულ ჰესს რაც შეეხება, „ნამახვანჰესის“ პროექტი უკვე იმ დონეზეა, რომ ევროკავშირის შესაბამისმა კომისიამ პოზიტიური დასკვნა გამოაგზავნა. თქვენ იცით, რომ ორმა მინისტრმა, გარემოს დაცვისა და ეკონომიკის მინისტრებმა გააგზავნეს ევროკავშირის ენერგეტიკის კომისიაში ამ პროექტთან დაკავშირებით კითხვები და იქიდან მოვიდა პოზიტიური დასკვნა. გარდა ამისა, ეს არის 800 მილიონიანი პროექტი, საიდანაც ინვესტორს, „ენკას“ დახარჯული აქვს უკვე 100 მილიონი. მგონი, საზოგადოებისთვის საინტერესოა, საიდან მოდის ეს ფული, საიდან აქვს ეს ფული „ენკას“. ეს ფული მას მოაქვს „იბიარდიდან“. „იბიარდი“ გახლავთ ყველაზე წარმატებული საფინანსო ინსტიტუცია, რომელიც ასეთი მაღალი დონის ინვესტიციას, 800 მილიონ დოლარს არ ჩადებს ისეთ პროექტში, რომელიც ან მომგებიანი არ იქნება, ან შეიძლება, საფრთხეს წარმოადგენდეს ქვეყნისთვის, სადაც ხორციელდება და მით უფრო, გარემოს დაცვას რაიმე საფრთხე ემუქრებოდეს. ამიტომ ესეც ერთ-ერთი სანდოობისთვის მახასიათებელი ნიშანია, როდესაც „იბიარდი“ გამოყოფს თანხას ასეთი მშენებლობისთვის“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა ორგანიზატორების ზოგადი მოწოდებები ემსახურება მხოლოდ იმას, რომ უნდათ წარმოჩენა, თითქოს „რაღაცისთვის იბრძვიან“.

„ის, რომ გარემოს დაცვის დასკვნა არსებობს და ეს მოწონებულია არა მხოლოდ ადგილობრივი სახელმწიფო უწყებების მიერ, არამედ საერთაშორისო კორპორაციის მიერ და ეს მოწონებულია სწორედ „იბიარდის“ კრიტერიუმებიდან გამომდინარე, რადგან „იბიარდი“ რომ ფულს დებს, ამბობს, რომ თუ არ იქნება გარემოსდაცვითი და სხვა დასკვნები იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომელიც არის მისთვის მისაღები, ისე ის ფულს არ ჩადებს. ახლა მე რაც ვთქვი, ამის საპირწონე თუ რაიმე აქვს იმ ორგანიზატორთა ნაწილს, რომელიც ხან თბილისის ბლოკირებით იმუქრება და ხან ქვეყნის გადადგმით, მაშინ შეიძლება, ვისაუბროთ. სხვა შემთხვევაშიც საფუძველს მოკლებულია ნებისმიერი რიტორიკა. ამიტომ მიგვაჩნია და ვხედავთ კიდეც, რომ საზოგადოების მხარდაჭერა არ აღმოაჩნდა ამ ორგანიზატორთა ნაწილს, რადგან ადგილზე ის მოსახლეობაა, რომელიც უკვე დაკმაყოფილდა „ენკას“ მიერ გადახდილი თანხებით, ანუ გარიგებაში შევიდა კომპანიასთან, ესეც ნიშნავს, რომ ეს პროექტი უნდა განხორციელდეს. სხვა ნებისმიერი ტიპის ზოგადი მოწოდებები ემსახურება მხოლოდ იმას, რომ ორგანიზატორებს უნდათ წარმოაჩინონ, რომ ისინი რაღაცისთვის იბრძვიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება მიხვდება, რომ ეს ჰესი ასაშენებელია და აშენდება კიდეც“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.