გურამ მაჭარაშვილი - მიხეილ სააკაშვილის მიერ დაყენებული ულტიმატუმები მიუღებელია არა მხოლოდ საქართველოს საზოგადოებისთვის, არამედ სტრასბურგის სასამართლოსთვისაც
გურამ მაჭარაშვილი - მიხეილ სააკაშვილის მიერ დაყენებული ულტიმატუმები მიუღებელია არა მხოლოდ საქართველოს საზოგადოებისთვის, არამედ სტრასბურგის სასამართლოსთვისაც

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაყენებული ულტიმატუმები მიუღებელია არა მხოლოდ საქართველოს საზოგადოებისთვის, არამედ სტრასბურგის სასამართლოსთვისაც.

როგორც ჟურნალისტებს მაჭარაშვილმა განუცხადა, ის, რომ ევროპულმა სასამართლომ სააკაშვილს მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტა, ნიშნავს, რომ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, მისი რეაბილიტაცია შეიძლება იმ დაწესებულებაში, რომელიც სტანდარტებს აკმაყოფილებს.

დეპუტატის თქმით, სტანდარტებს აკმაყოფილებს თუ არა მე-18 დაწესებულება, ამას გადაწყვეტენ ექიმები, მათ შორის მისი პირადი ექიმი, რომელიც ამბობდა, რომ ყველაზე კარგი წამალი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის არის საკვები პროდუქტების მიღება.

„სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, რომ შიმშილობა შეწყვიტოს. ვნახეთ, რომ ეს არ იყო მხოლოდ ფორმალური მოწოდება, რადგან ეს არის სასამართლო, რომელმაც ის დანაშაულებრივი სისტემა ძალიან კარგად იცის, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს ჰქონდა შექმნილი და რომლის გამოც სტრასბურგის სასამართლოს მის წინააღმდეგ არაერთი გადაწყვეტილება აქვს გამოტანილი. სასჯელაღსრულების დაწესებულება როგორც დღემდე, ასევე, მომავალში უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვას. თავად სააკაშვილი შეასრულებს თუ არა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს მასზეა დამოკიდებული. მის მიერ დაყენებული პირობები ადასტურებს, რომ ის პატივს არ სცემს არც ერთ სახელმწიფოს და მათ შორის, არც საერთაშორისო სასამართლოს, რომელიც მას შიმშილობის შეწყვეტას დაჟინებით მოუწოდებს. თუ სად უნდა მოხდეს მისი რეაბილიტაცია, ეს გადასაწყვეტია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების და შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულების. მე მგონი, სააკაშვილს მისი სტატუსი ავიწყდება – ის არ არის საქართველოს პრეზიდენტი, ის არის პატიმარი, რომლის უფლებებიც დაცულია და დაცული იქნება მომავალშიც. ის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა იყოს და ყოფილიყო უზრუნველყოფილი, სწორედ ამიტომ მოთავსდა სამედიცინო დაწესებულებაში, თორემ კადრების შემდეგ საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ ამ ადამიანს ერთი პროცენტიც არ აქვს დაკლებული – არც ენერგია, არც რიტორიკა, არც მიდგომები და ა.შ. თუმცა სამედიცინო სფეროს დასკვნები იქნება ის, რასაც ითვალისწინებს პენიტენციური სამსახური“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისსავე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ბადრაგის თანამშრომელს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, რომლებიც თავის ფუნქციას ასრულებდნენ და ითმენდნენ მის ასეთ არაკანონიერ ქმედებებს.

„მიხეილ სააკაშვილს რომ ჰქონოდა ძალაუფლება, ადვილი წარმოსადგენია, რა დღეში ჩავარდებოდნენ ბადრაგის თანამშრომლები. მარტივი შესაფასებელია ისიც, რომ მისი ხელისუფლების დროს, ნებისმიერ პატიმარს, ამ ქმედების ნახევარიც რომ გაეკეთებინა, ეს რა შედეგით დამთავრდებოდა. ამიტომ, შიდა თუ გარე პოლიტიკოსმა, რომელიც აფასებს სააკაშვილის მიმართ სასჯელაღსრულების მოპყრობას, როგორც მინიმუმ, ის პერიოდი უნდა შეაფასოს, როცა სააკაშვილი ხელისუფლებაში იყო. საზოგადოებამ კარგად იცოდა, რა ხდებოდა მაშინ და რა ხდება ახლა. ვერავინ ვერ მიიღებს იმ კრიტიკას, რომ სააკაშვილის მიმართ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უფლებები ირღვევა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.