გურამ მაჭარაშვილი - მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სტატუსის მიღების ალბათობა მაღალია, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ერთმანეთს ეჯიბრება, ვინ უფრო გულწრფელ აღსარებას ეტყვის საზოგადოებას
მას შემდეგ, რაც ოპოზიციისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ალბათობა მაღალია, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ერთმანეთს ეჯიბრება, ვინ უფრო გულწრფელ აღსარებას ეტყვის ქართულ საზოგადოებას, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ეს დაიწყო ხათუნა სამნიძემ, რომელმაც თქვა, რომ ოპოზიცია კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო ინფორმაციას აწვდიდა პარტნიორებს.
„ეს დაიწყო, ცეცხლი გახსნა სამნიძემ და თქვა, რომ ოპოზიცია დადიოდა ბრიუსელში ჩვენს პარტნიორებთან და კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო ინფორმაციას აწვდიდა ჩვენს პარტნიორებს, შემდეგ ამას მოჰყვა დეკანოიძე, ახლა უკვე არასამთავრობო სექტორი ჩაერთო სალაძის სახით.
სალაძემ წუხილი გამოთქვა, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭება. ოპოზიციისთვის ეს ცუდი იქნება და ამაზე წუხს არასამთავრობო სექტორი. მეტი მტკიცებულება რა გვინდა იმისა, რომ ეგრეთ წოდებული არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი პოლიტიკით არის დაკავებული. ზუსტად ამას ვამბობდით და ამიტომაც დავაინიცირეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რათა საზოგადოება იცოდეს, რეალურად არასამთავრობო სექტორი საიდან ფინანსდება და რა მიზნები აქვს მას.
შევასრულეთ ყველა რეკომენდაცია და ბოლო თვეებში განსაკუთრებით გახდა რეალური, რომ ჩვენ გამოცდა ჩავაბარეთ. ამაზე მეტყველებდა ჩვენი პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციების ვიზიტები ბრიუსელში თუ ევროპის სახელმწიფოებში, მათ შორის, ევროკავშირის თანამდებობის პირების საქართველოში ვიზიტი. ოპოზიციამ აღიარა, რომ იბრძოდნენ, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო და შემდეგ ეს რადიკალური პროცესებისთვის გამოეყენებინათ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
კითხვაზე, ვისზე აქვს ეჭვი ოპოზიციიდან, მაჭარაშვილმა აღნიშნა:
„მგონი, უფრო ის უნდა ვეძიოთ, ოპოზიციაში ვინ არ მავნებლობდა, თორემ ოპოზიციის პოლიტიკური განცხადებები რომ ამოვიღოთ, ძნელად მოვძებნით ისეთ პოლიტიკოსს, რომელიც არ ამბობს, რომ ქვეყანაში არის ანტიდემოკრატიული პროცესი, ქვეყანას ჰყავს რუსული ხელისუფლება, ხელისუფლება არ ასრულებს რეკომენდაციებს. უნდა ვეძებოთ ის, ვინც არ მავნებლობდა და კანდიდატის სტატუსისთვის რეალურად იბრძოდა, თორემ დანარჩენი ყველა მავნებლობდა, ზოგი მეტი ხარისხით და ზოგი – ნაკლებით. უბრალოდ, ახლა ერთმანეთის ჩაშვების პროცესში არიან და ამბობენ, რომ მე კი არა, სხვა დადიოდა კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგოდო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.