გურამ მაჭარაშვილი - გიგი უგულავაზე გადაწყვეტილება მიღებულია ერთი და იმავე სამართალწარმოების ფარგლებში, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ტყუილად ცდილობს, ეს სხვადასხვა საქმედ მონათლოს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, გიგი უგულავასთან დაკავშირებით უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში მიიღო და „ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ტყუილად ცდილობს, რომ ეს სხვა საქმედ მონათლოს“.
კერძოდ, მაჭარაშვილის თქმით, თავდაპირველად, სასამართლოს პირველმა და მეორე ინსტანციამ არ გაითვალისწინა პროკურატურის ვერსია, უგულავას ქმედებები დაკვალიფიცირებულიყო, როგორც გაფლანგვა.
მაჭარაშვილის განცხადებით, მაშინ უგულავას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიესაჯა, თუმცა პროკურატურამ თავისი თავდაპირველი ვერსიის გამო გაასაჩივრა მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება და კვლავ მოითხოვა, უგულავას ქმედებები გაფლანგვად დაკვალიფიცირებულიყო.
გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, უზენაესმა სასამართლომ გაითვალისწინა პროკურატურის წინადადება და სწორედ გაფლანგვის ფაქტზე მიუსაჯა გიგი უგულავას.
„უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო უგულავას დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, საქმისა და პროცესის დეტალებში არ შევალ. საზოგადოებას შევახსენებ, რომ ამ საქმეზე, რომელიც ერთი და იმავე სამართალწარმოების ფარგლებში მოხდა, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ტყუილად ცდილობს, რომ ეს სხვადასხვა საქმედ მონათლოს. პროკურატურას თავისი ვერსია ჰქონდა, რომ უგულავას ქმედებები, დანაშაული უნდა დაკვალიფიცირებულიყო, როგორც გაფლანგვად, თუმცა სასამართლოს პირველმა და მეორე ინსტანციამ არ მიიჩნია ეს ვერსია მიზანშეწონილად და მას მიუსაჯა სასჯელი იქედან გამომდინარე, რომ ეს დააკვალიფიცირა, როგორც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. აქაც ჩანს, რომ პროკურატურის ეს წინადადება არ გაიზიარა მართლმასაჯულებამ და ეს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაზე მეტყველებს. რაც შეეხება მესამე ინსტანციას, პროკურატურამ თავისი თავდაპირველი ვერსიის გამო გაასაჩივრა მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება და დაკვალიფიცირება მოითხოვა ისე, რომ მისი დანაშაული ყოფილიყო, როგორც გაფლანგვა. უზენაესმა სასამართლომ ეს კვალიფიკაცია მიანიჭა და მას მიუსაჯა“ ,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე თბილისის ყოფილ მერს, „ევროპული საქართველოს“ წევრ, გიგი უგულავას სამი წლით, ორი თვითა და რვა დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.