გურამ მაჭარაშვილი - ევროპასა და გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ცუდი დღეები დაუდგათ, რადგან ნიკა გვარამიამ ევროპასა და ევროპელ მოსამართლეებს უნდობლობა გამოუცხადა
ევროპასა და გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ცუდი დღეები დაუდგათ, რადგან გვარამიამ ევროპასა და ევროპელ მოსამართლეებს უნდობლობა გამოუცხადა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გვარამიამ ქართველი მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემდეგ ეჭვი შეიტანა ევროპელი მოსამართლეების კეთილსინდისიერებაში და ახლა ჯერი გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრების კეთილსინდისიერებაზე დადგა.
„ევროპა და ევროპელი მოსამართლეები როგორმე ამ გამოწვევას გადაიტანენ, მაგრამ რაც შეეხება გაერო-ს წარმომადგენლებს, მათ ჯერ გამოცდა აქვთ ჩასაბარებელი – გვარამიას მრისხანე ხელი მიწვდებათ თუ არა მათ. ისე კი, თავად გვარამიას უნდა შევახსენოთ, რომ სიმართლე ტერიტორიულად არ ცხოვრობს არც სტრასბურგში, არც თბილისში, არც ნიუ იორკსა და ჟენევაში, ის სამყაროში არსებობს. მართალია, გვარამია სიმართლით არ ცხოვრობს, მაგრამ სადაც არ უნდა წავიდეს, მას ის უსამართლობის აჩრდილი გაჰყვება, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა შექმნა და თავად ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი იყო. სალომე ზურაბიშვილისგან ველოდებით, რომ მის მიერ შეწყალებულს უთხრას, ანტიდასავლური განცხადებები აღარ გააკეთოს, რადგან ციხიდან იმიტომ გამოუშვა, რომ დეპოლარიზაციის მამა უნდა ყოფილიყო, ჩვენ ვხედავთ, რომ ის პოლარიზაციის მამაა და ევროპელი მოსამართლეების მიმართ ანტიდასავლური განცხადებები გააკეთა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. უზენაესმა სასამართლომ კი გვარამიას საქმე განსახილველად არ მიიღო. ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოში სწორედ ამ საქმეს ასაჩივრებდა. საქმეზე, რომელსაც ნიკა გვარამია სტრასბურგში ასაჩივრებდა, გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 2023 წლის 22 ივნისს შეიწყალა.
ამასთან, ნიკა გვარამიამ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, თავისი საქმით „გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტში წავიდეს“.
„ჩემს (გაოგნებულ) ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება და ჩემი საქმით მივდივარ გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომლის მანდატი მთელ მსოფილოზე ვრცელდება და რომელსაც ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები“, – აღნიშნა გვარამიამ.