გურამ მაჭარაშვილი - ამერიკა გვეუბნება, რომ რუსეთთან ურთიერთობა არ უნდა გვქონდეს, ამ დროს რეზოლუციაში ისეთი ცვლილება შეაქვს, რითიც რუსეთი მშვიდობისმყოფელად გვევლინება
გურამ მაჭარაშვილი - ამერიკა გვეუბნება, რომ რუსეთთან ურთიერთობა არ უნდა გვქონდეს, ამ დროს რეზოლუციაში ისეთი ცვლილება შეაქვს, რითიც რუსეთი მშვიდობისმყოფელად გვევლინება

ეს ნაბიჯი არის ანტიქართული და რუსეთის სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯი, თუ რუსეთი გამოვა, როგორც მშვიდობისმყოფელი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ოკუპაციაზე და პარტნიორები დეოკუპაციაში უნდა დაგვეხმარონ. ამ შემთხვევაში ამერიკის მხრიდან რეზოლუციაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, რუსეთი მშვიდობისმყოფელად გვევლინება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რეალურად, რეზოლუცია რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

„ამერიკელებზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო. გვეუბნებიან, რომ მეგობრები ვართ, რუსეთია მტერი, დიქტატორი, თუმცა ამ დროს ისეთ რეზოლუციას იღებენ, რომლის მიხედვითაც, საკითხი რუსეთის სასარგებლოდ წყდება და საქართველო არის, როგორც დამნაშავე. დასანანია, რომ ამერიკა, რომელსაც მეგობრობა სურს, გვეუბნება, რომ რუსეთთან ურთიერთობა არ უნდა გვქონდეს და ამ დროს ეუთო-ში, რეზოლუციაში ისეთი ცვლილება შეაქვს, რითიც რუსეთი მშვიდობისმყოფელად გვევლინება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „რეზოლუციას – „ეუთო-ს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა“ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა ინიციატივით დაემატა ფორმულირება, რომელიც არის ზუსტად ის, რასაც რუსეთი ცდილობს – წარმოაჩინოს, თითქოს არ არის კონფლიქტის მხარე“.