გურამ მაჭარაშვილი - დარწმუნებული ვართ, უკრაინასთან მეგობრული ურთიერთობა გაგრძელდება, სააკაშვილი ზიანის მიყენებას ვერ შეძლებს
სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილისგან ასეთი არაადეკვატური და შეურაცხმყოფელი განცხადებები გასაკვირიც აღარ არის. კარგია, რომ უკრაინის საგარეო უწყებამ მას მოუწოდა, ასეთი სახის განცხადებებიდან თავი შეიკავოს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარტნიორი ქვეყნები ხედავენ, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს და არც სხვა ქვეყნის, მათ შორის უკრაინის მოქალაქეს უფლება არ აქვს, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს. ამასთან, როგორც მაჭარაშვილი ამბობს, დარწმუნებულია, უკრაინასთან მეგობრული ურთიერთობა გაგრძელდება.
„ცუდია, რომ ეს ადამიანი იყო საქართველოს პრეზიდენტი და უკრაინის ხელისუფლებას მისთვის ჭკუის დარიგება უწევს იმ ადამიანის მიმართ, ვისაც დღეს პრეტენზია აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდეს. პარტნიორი ქვეყნები ხედავენ, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს და არც სხვა ქვეყნის და არც უკრაინის მოქალაქეს უფლება არ აქვს, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს და მით უმეტეს, დაუმორჩილებლობისკენ მოწოდებები ჰქონდეს. უკრაინასთან მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ასე გაგრძელდება და მიხეილ სააკაშვილი ვერ შეძლებს, ამ სახის ურთიერთობებს ოდნავ მაინც ზიანი მიაყენოს. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობები გაგრძელდება და უკრაინის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს თავის ადგილს მიუჩენს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინის ელჩ იგორ დოლგოვს კორუმპირებულს უწოდებს.
სააკაშვილი კომენტარს აკეთებს უკრაინის ელჩის განცხადებაზე და აღნიშნავს, რომ დოლგოვი „საბჭოთა ფუნქციონერია“.
„საქართველოში უკრაინის ელჩი, ბატონი დოლგოვი, რომელიც ოთხი წლის წინ პოროშენკომ დანიშნა ჩემს წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი მიზნით, გადარჩა ზელენსკის დროს და განაგრძობს საქართველოსა და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში უკრაინის იმიჯის შელახვას. ეს სწორედ ის დოლგოვია, რომელიც პოროშენკოს გუნდთან უნისონში მუშაობდა, რომ უკრაინელი სახალხო დეპუტატები არ გამგზავრებულიყვნენ, როგორც დამკვირვებლები, საქართველოში გასული წლის ოქტომბრის არჩევნებზე“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციები დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი.
„ბუნებრივია, როგორც კონკრეტულ პირს, მას აქვს გამოხატვის უფლება, თუმცა ახლა, როცა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული სიტუაცია მეტ-ნაკლებად დარეგულირდა და ხდება ფოკუსირება მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე, დაუმორჩილებლობასა და კანონსაწინააღმდეგო მანიფესტაციებთან დაკავშირებით მოწოდებები ნამდვილად არ დაგვეხმარება ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფეროს შენებასა და ორმხრივი ურთიერთობის, სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით“, – განაცხადა უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.
ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც უწყება მიხეილ სააკაშვილს აფრთხილებს, თავი შეიკავოს მეგობარ სახელმწიფო საქართველოში დამოურჩლებლობის აქციებისკენ მოწოდებებისგან.
უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში უკრაინის ელჩის მისამართით ბრალდებებს არანაირი მტკიცებულებები არ გააჩნია, ბრალმდებლის ემოციების გარდა, უკრაინული დიპლომატია ამაზე არ მოცდება.