გურამ ფალავანდიშვილი - შევიტყვეთ, რომ სკოლებსა და სხვადასხვა უწყებაში ტარდება ლგბტ-კვირეული, ვაპირებთ მივიდეთ და პიკეტირება მოვახდინოთ
„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი კვირეულის „მე ვირჩევ თანასწორობას“ ჩატარებას აპროტესტებს. ის აცხადებს, რომ კვირეული სკოლებში და სხვადასხვა დაწესებულებაში ტარდება და მისი მიზანი ლგბტქი-თემის საკითხების პროპაგანდაა.
გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ არ დაუშვებს მსგავსი ტიპის ლექციების ჩატარებას. ის იმ დაწესებულებების პიკეტირებას გეგმავს, სადაც ლექციებია დაგეგმილი. ფალავანდიშვილი ასევე მოითხოვს, დადგეს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან მთავრობა ეწევა ლგბტ-თემის პროპაგანდას.
„შევიტყვეთ, რომ 15-ში დაიწყო ლგბტ-კვირეული საქართველოში. ამ კვირეულს ჰქვია „მე ვირჩევ თანასწორობას“. მოვითხოვთ გაუქმებას. თურმე ასწავლიან, რომ ჰომოფობია ის, ვინც ჰომოსექსუალს ებრძვის და უნდა დაიჭირონ ის ხალხი, ვინც ამას უარყოფს. ხვალ ასევე ვაპირებთ 12:00-ზე ევროსაბჭოში გაპროტესტებას. ევროსაბჭოსა და გაერო-ში დიდი მაფიაა, რომელიც ახდენს ამის პროპაგანდას და ამაში ფულსაც იღებენ. ამ კვირეულს ატარებენ ყოფილი ზონდერები და სხვა ცნობილი ლგბტ-აქტივისტები. ჩვენ მივალთ განათლების სამინისტროსთან, სადაც იქნება მთავარი პიკეტირება. ჩვენი მოთხოვნაა, დადგეს არა მარტო ჩხენკელის, არამედ პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის სხვა წევრების პასუხისმგებლობის საკითხი. ეს მათი უდიდესი დანაშაულია“, – ამბობს გურამ ფალავანდიშვილი.
როგორც საქართველოს პირველ არხს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუმარტეს, კამპანია „მე ვირჩევ თანასწორობას“, რომელიც სხვა სახელმწიფო უწყებებთან და ევროპის საბჭოსთან ერთად ხორციელდება, მიზნად ისახავს დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებით გამოწვეული რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
„კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა საინფორმაციო ღონისძიება საქართველოს მასშტაბით, სადაც სკოლის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, ინფორმაცია მიიღონ და საკუთარი პოზიცია გამოხატონ სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების, ბავშვთა უფლებების დაცვის, ეთნიკური უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის არსებული სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შესახებ. ეს არის ის საკითხები, რომლებსაც მოიცავს ამ კამპანიის ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ დაგეგმილი აქტივობები. აღსანიშნავია, რომ ეს თემატიკა ისედაც იყო და არის ინტეგრირებული როგორც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საზოგადოებრივი მეცნიერებების საგანთა ჯგუფში შემავალი საგნების სტანდარტებში, ასევე – არაფორმალური განათლების მიმართულებით სკოლების მიერ განხორციელებული აქტივობების თემატიკაში“, – განმარტავენ სამინისტროში.