თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერლის გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“ გერმანულ ენაზე გამოიცემა, – ამის შესახებ ინფორმაციას ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის ცნობით, წიგნს გერმანულად გამომცემლობა Hanser Literaturverlag-ი გამოსცემს. მის თარგმანზე კი სუზანა კიმი და ნიკოლოზ ლომთაძე იმუშავებენ.
გურამ დოჩანაშვილის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები „სამოსელი პირველი“ არის თავგადასავლის მაძიებელ დომენიკოზე, რომელზეც ძლიერ იმოქმედა იდუმალებით მოცული კაცის – ლტოლვილის ნაამბობმა.
დომენიკო ტოვებს მშობლიურ სახლ-კარს, მამას და მიდის „ლამაზ ქალაქში“. თანდათან მრავალ ადამიანთან ურთიერთობისას იგი მიხვდება, რა არის მეგობრობა, სიყვარული, სიკეთე, ბოროტება, გულწფელობა, პატიოსნება. ეს არის წიგნი სიკეთისა და ბოროტების შეცნობაზე, მას თამამად შეიძლება ვუწოდოთ „ცხოვრების წიგნი“.
რომანს საფუძვლად უდევს „უძღები შვილის“ იგავი.
გერმანულენოვან გამოცემაზე მუშაობა 2018 წლის აგვისტვოში დასრულდება.
პროექტი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით ხორციელდება.