გუგული მაღრაძე - კარგ მთქმელს, კარგი გამგონი უნდაო, ბიძინა ივანიშვილს არ უთქვამს გუშინ, რომ მხოლოდ უცხოეთში დასაქმება იქნება მთავარი
გუგული მაღრაძე - კარგ მთქმელს, კარგი გამგონი უნდაო, ბიძინა ივანიშვილს არ უთქვამს გუშინ, რომ მხოლოდ უცხოეთში დასაქმება იქნება მთავარი

ნაცვლად არალეგალურად წასვლისა და უღირს პირობებში ყოფნისა, სახელმწიფოთაშორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ადამიანები, რომლებიც პროფესიონალურ ცოდნას მიიღებენ, იმუშავებენ ღირსეულად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ საქართველოს პარლამენტში განაცხადა.

როგორც გუგული მაღრაძემ აღნიშნა, შრომითი მიგრაცია ყველა ქვეყანაში ხდება.

„სიმართლე გითხრათ, არც ვაპირებდი გამოსვლას, მაგრამ ქართველებს გვაქვს ერთი კარგი ანდაზა – კარგ მთქმელს, კარგი გამგონი უნდაო. ბიძინა ივანიშვილს არ უთქვამს გუშინ, რომ მხოლოდ უცხოეთში დასაქმება იქნება მთავარი. გაგახსენებთ, მან თქვა, რომ ზოგი დასაქმდება გერმანიაში, ზოგი ქუთაისში. ეს იმას ნიშნავს, რომ თავის მხრივ ქვეყანა გადადგამს გარკვეულ ნაბიჯებს ბიზნესის გასავითარებლად, რომ აქაც მოხდეს დასაქმება. რაც შეეხება უცხოეთში დასაქმებას, რატომ ატყდა ეს ამბავი, ყველა ქვეყნიდან ხდება შრომითი მიგრაცია. პოლონელების საკმაო რაოდენობა მუშაობს გერმანიაში, ნამდვილად ვიცი, ახლახანს გახლდით და გავეცანი, როგორ ხდება და რა ხდება. ლაპარაკია იმაზე, რომ ნაცვლად არალეგალურად წასვლისა და უღირს პირობებში ყოფნისა, სახელმწიფოთაშორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ადამიანები, რომლებიც პროფესიონალურ ცოდნას მიიღებენ აქ, ისწავლიან ენას, წავლენ და იმუშავებენ, როგორც ღირსეული წევრები იმ საზოგადოებაში, სადაც ჩავლენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ, დაბრუნდებიან და ეს იქნება ღირსეული შესაძლებლობა დასაქმებისა“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

დეპუტატმა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანაც მიმართა, რომელიც საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოდის.

„ბატონო ვანო, ძალიან გთხოვთ აუდიტორიას მოვახსენოთ, რომ ყველა ქვეყანაში ხდება შრომითი მიგრაცია და აქ არაფერი არ არის ისეთი, რაც არ მომხდარა და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა, ჩვენი მოსახლეობა გავიდეს. გვინდა, რომ ღირსეულ პირობებში იმუშაონ და ის საერთაშორისო სტანდარტები მუშაობდეს ჩვენგან გასულ მუშახელზეც, რაც არსებობს ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.