გუგული მაღრაძე - მხარს დავუჭერ საზოგადოებრივ მოძრაობას „არა ნარკოტიკებს“
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატი გუგული მაღრაძე აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელიც ნარკოტიკების წინააღმდეგ იქნება მიმართული.
„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ბახტურიძემ გამოაცხადა, რომ დაიწყება დიდი საზოგადოებრივი მოძრაობა „არა ნარკოტიკებს“, მე მხარს ვუჭერ ამას, რადგან მთავარი არის არა მხოლოდ გადაწყვეტილებები და რეგულაციები, არამედ მთავარია, რომ საზოგადოებაში ისეთი განწყობა იყოს, რომ ნარკოტიკის მოხმარება მიჩნეული იყოს ძალიან უღირს, პიროვნებისა და საზოგადოებისთვის დამღუპველ საქმედ. ნარკოტიკია ყველა, იქნება ეს მარიხუანა, თუ სხვა და ეს ახდენს ისეთ გავლენას ადამიანის ცნობიერებაზე, რომ ამ ზეგავლენის ქვეშ მყოფი ადამიანი არ არის ისეთი ჯანსაღი, არ არის ისეთი სრულყოფილი საქმიანობის თვალსაზრისით, როგორიც არის ადამიანი, რომელიც არ არის ნარკოტიკული თრობის ქვეშ. არის პროფესიები, სადაც საერთოდ არ შეიძლება დავუშვათ, რომ ადამიანი ასეთ პროფესიებში იყოს ნარკოტიკული თრობის ქვეშ“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.
მისი შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის განწყობას არ შეესაბამება.
„სიმართლე რომ ვთქვათ, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო საკმაოდ მოუფიქრებელი გადაწყვეტილება, რომელიც რაც მთავარია, არ შეესაბამება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის განწყობას. კვლევებმაც აჩვენა, რომ 74% არის ლეგალიზაციის წინააღმდეგი.
მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ გადავახტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გვაძლევს უფლებას, შემოვიღოთ რეგულაციები, რადგან იქ არის პუნქტები, მესამე პირი, საზოგადოებრივი ინტერესი და სხვადასხვა, პარლამენტი ინტენსიურად იმუშავებს ამ რეგულაციებზე, რათა რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიაყენოს საზოგადოებას, რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიაყენოს გადაწყვეტილების შედეგად ახალგაზრდა თაობას“, – განაცხადა მაღრაძემ.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების პარალელურად, გარკვეული საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება, გუგული მაღრაძე აცხადებს, რომ სავარაუდოდ, იქნება ჯგუფი, რომელიც ამას გააკეთებს.
„საკანონმდებლო ინიციატივაზე ბევრი ფიქრობს, ალბათ, იქნება ჯგუფი, რომელიც ამას გააკეთებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან აქტიურად უნდა ჩავერთოთ საზოგადოებრივ აქტივობაში, რადგან შეურიგებელი დამოკიდებულება ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება, დაუშვა, რომ ამაში რაიმე ოდნავ მაინც არის დადებითი. უნდა იყოს მკაცრი, უარყოფითი დამოკიდებულება. როცა რაღაცა ქცევის მიმართ საზოგადოებაში არის მკაცრად უარყოფითი განწყობა, ასეთი ქცევები ვერ იკიდებს ხოლმე ფეხს“, – განაცხადა მაღრაძემ.