გუგული მაღრაძე - ადამიანმა თუ არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი, შეიძლება მაჟორიტარი არ დასჭირვებია
გუგული მაღრაძე - ადამიანმა თუ არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი, შეიძლება მაჟორიტარი არ დასჭირვებია

ადამიანმა თუკი არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი, შეიძლება ეს იმას მოწმობდეს, რომ მას არ ჰქონდა ისეთი პრობლემა, რომ მაჟორიტარი დასჭირვებოდა, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გუგული მაღრაძე NDI-ის კვლევის შედეგებს, სადაც ნათქვამია, რომ მოსახლეობის 59%-მა  პროცენტმა არ იცის საკუთარი მაჟორიტარის ვინაობა.

გუგული მაღრაძე კვლევის სხვა ნაწილებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუცი ცვლილებებზე გამოკითხულთა აზრი მიუთითებს, რომ ადამიანებს საკუთარი პრობლემები აქვთ.

“საკონსტიტუციო საკითხების შესახებ, აქაც ასეა, კონსტიტუცია კი ქვეყნის ძირითადი კანონია მოქმედებს იმაზე, თუ როგორი იქნება ჩვენი ცხოვრება, მაგრამ ფაქტობრივად თქვენ ხომ იცით, რომ არჩევნებზე მოსულთა რიცხვი საშუალოდ არის 50-40 პროცენტი და სხვა. ეს ერთის მხრივ მიუთითებს, რომ ადამიანებს აქვთ საკუთარი პრობლემები, ან შეიძლება არ აინტერესებთ, რადგან არა აქვთ იმედი, რომ რამე შეიცვლება, არც ამას გამოვრიცხავ. რაც შეეხება შეხვედრას პარლამენტარებთან, ეს პრობლემა არის, მაგრამ მე ამ შენიშვნას ვერ მივიღებ, რადგან ყველას ვუსმენ და ვიღებ. არის ერთი რამ, ადამიანებს აქვთ სურვილი ყოველთვის პირველ ადამიანთან მისვლის. არის საკითხები, სადაც უბრალოდ დროის ხარჯვაა მომსვლელისთვისაც და პარლამენტის წევრისთვისაც, რადგან იმ საკითხის გადაწყვეტა პარლამენტის წევრს არ შეუძლია.ადამიანმა თუკი არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი, შეიძლება ეს იმას მოწმობდეს, რომ მას არ ჰქონდა ისეთი პრობლემა, რომ მაჟორიტარი დასჭირვებოდა”, – აღნიშნავს გუგული მაღრაძე.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა(NDI) დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, კითხვაზე, ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, გამოკითხულთა 59%-მა უპასუხა, რომ არ იცის, 14%-მა  არასწორი პასუხი გასცა, ხოლო 26%-მა –  სწორი პასუხი.