NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის, ვინ არის პარლამენტში მისი მაჟორიტარი დეპუტატი
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის, ვინ არის პარლამენტში მისი მაჟორიტარი დეპუტატი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ  ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, კითხვაზე, ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, გამოკითხულთა 59%-მა უპასუხა, რომ არ იცის, 14%-მა  არასწორი პასუხი გასცა, ხოლო 26%-მა –  სწორი პასუხი.

კვლევის თანახმად, თბილისში გამოკითხულთა 73%-მა არ იცის, ვინ არის საქართველოს პარლამენტში მისი მაჟორიტარი დეპუტატი, 17%-მა კითხვას არასწორი პასუხი გასცა, 9%-მა კი სწორი პასუხი.

ამავე კითხვაზე, სოფლებში რესპონდენტთა 47%-მა განაცხადა, რომ არ იცის, ვინ არის პარლამენტში მისი მაჟორიტარი დეპუტატი, 40%-მა – სწორი პასუხი, 13%-მა კი არასწორი პასუხი.

ხოლო უმცირესობათა დასახლებებში, გამოკითხულთა 52%-მა აღნიშნა, რომ არ იცის, ვინ არის პარლამენტში მისი მაჟორიტარი დეპუტატი, 16%-მა არასწორი პასუხი გასცა, 29%-მა კი სწორი.

როგორც საზოგადოებრივი კვლევის პოლიტიკური ნაწილის წარდგენისას კვლევის ავტორებმა განაცხადეს, გამოვლინდა ტენდენცია, რომ არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგ სულ უფრო ნაკლებ ადამიანს ახსოვს, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ არჩევნების შემდეგ, ნოემბერში ეს მაჩვენებლი უფრო მაღალი იყო.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.