„გუგლისა“ და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით ონლაინ მასტერკლასი გაიმართება
„გუგლისა“ (Google) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, 14 აპრილს, 12:00 საათზე, თემაზე – „ციფრული ტექნოლოგიები ტურიზმში“ ონლაინ მასტერკლასი გაიმართება.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.
სემინარს „გუგლის“ სერტიფიცირებული საერთაშორისო ტრენერები და ფოტოგრაფები ჩაატარებენ.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, აიმაღლონ ციფრული უნარები Google Map-ის კორექტირების, ლოკაციების დამატების, ვიზუალიზაციასთან მუშაობისა და ტურიზმთან დაკავშირებული მოვლენების ანალიზის მიმართულებით.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით მასტერკლასის ჩასატარებლად თბილისში საერთაშორისო ტრენერების ჩამოსვლა იგეგმებოდა, თუმცა COVID-19-ის ვირუსით გამოწვეული გლობალური პანდემიის გამო მასტერკლასი ონლაინ გაიმართება. ონლაინ მასტერკლასში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.