გუდაურში, სტეფანწმინდასა და მესტიაში სათავგადასავლო ტურიზმის გამყოლებისთვის ტრენინგი გაიმართა
შიდა ტურიზმის ხელშეწყობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, გუდაურში, სტეფანწმინდასა და მესტიაში ტურიზმის სფეროში დასაქმების მსურველთათვის „სათავგადასავლო ტურიზმის გამყოლის მომზადების საბაზისო სასწავლო კურსი“ გაიმართა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, სწავლებაში ძირითადად ადგილობრივი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. ტრენინგს გამოცდილი სამთო გიდები ატარებდნენ.
ჯამში 110 ადამიანზე მეტი გადამზადდა. ტრენინგი როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა. კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
„საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს სატრენინგო პროგრამას. წლის ბოლომდე, მთელი საქართველოს მასშტაბით სრულიად უსასყიდლოდ გადავამზადეთ 2 000-მდე ადამიანი. მოხარული ვართ, რომ ადგილობრივებს საშუალება მივეცით როგორც მესტიაში, ასევე გუდაურსა და სტეფანწმინდაში, დაეუფლონ ახალ პროფესიას, როგორიც არის სამთო გამყოლი. ეს ტრენინგი რამდენიმე დღე გაგრძელდა და მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ გადამზადებას“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.