გუდაურში, „რედკოს“ დასახლებაში წყალმომარაგება ისევ შეწყდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „რედკოს“ პროექტების მენეჯერმა, მალხაზ კუნელაურმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ პრობლემის მიზეზებს ადგენს.
„გუშინ საღამოს აღდგა წყალმომარაგება, თუმცა მესამე სართულის ზემოთ წყალი მაინც ვერ ავიდა. დღეს კი, წნევა საერთოდ დაეცა. აბსოლუტურად გაუგებარია, რა შეიძლება, იყოს მიზეზი, რადგან გუშინ გვითხრეს, რომ ძირითადი სამუშაოები, რაც იყო ავარიასთან დაკავშირებით, დასრულებულია და ყველაფერი აღმოფხვრილია. ვთხოვ ყველას, ვისაც ეს ეხება, პირველ რიგში წყალმომარაგების კომპანიას, რომ განვაცხადოთ, როდის დასრულდება ეს საკითხი ბოლომდე, ან გრაფიკი დავაწესოთ და ხალხს განმარტება მივცეთ“, – აღნიშნა კუნელაურმა.
„რედკოში“ აცხადებენ, რომ წყალმომარაგების პრობლემის გამო ტურისტების ნაწილმა გუდაური უკვე დატოვა. ამასთან, გაურკვევლობაში არიან უცხოელი დამსვენებლები, რომლებსაც სამომავლო ჯავშნები აქვთ.
გუდაურში არსებულ „რედკოს“ დასახლების კორპუსებს წყლის მიწოდება 31 დეკემბრის საღამოს შეუწყდა. „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ინფორმაციით, ამის მიზეზი მცირე ნალექი გახდა. კომპანიამ პრობლემის მოსაგვარებლად ტექნიკური სამუშაოები ჩაატარა, თუმცა პრობლემის სრულად მოგვარება რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა. კომპლექსს წყლის მიწოდება გუშინ საღამოს აღუდგა, როგორც საქართველოს პირველ არხს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ დღეს დილით განუცხადა, გუდაურში წყალი ყველა დასახლებას, სასტუმროსა და ტურისტულ ობიექტს მიეწოდებოდა.