ეკატერინე გალდავა - გუდაურში წყალი ყველა დასახლებას, სასტუმროსა და ტურისტულ ობიექტს მიეწოდება, ბაკურიანში კი, 20-მდე სასტუმროს აქვს პრობლემა
ეკატერინე გალდავა - გუდაურში წყალი ყველა დასახლებას, სასტუმროსა და ტურისტულ ობიექტს მიეწოდება, ბაკურიანში კი, 20-მდე სასტუმროს აქვს პრობლემა

გუდაურში წყალი ამ დროისათვის ყველა დასახლებას, სასტუმროსა და ტურისტულ ობიექტს მიეწოდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ განუცხადა.

მისი განმარტებით, გუდაურში წყლის მიწოდების პრობლემა აღარ არსებობს, თუმცა ყინვების გამო, შესაძლოა წყლის წნევის ცვლილებები დაფიქსირდეს, შესაბამისად, ყოველ ერთ საათში მონიტორინგი და რეზერვუარების შემოწმება ხორციელდება.

რაც შეეხება ბაკურიანს, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის თქმით, ბაკურიანში წყალი პრობლემების გარეშე მოსახლეობისა და სასტუმროების 90 პროცენტს მიეწოდება. თუმცა 20-მდე სასტუმროს წყალმომარაგების პრობლემა აქვს, ვინაიდან მათ შიდა ინფრასტრუქტურა დროულად არ მოაწესრიგეს. როგორც გალდავამ აღნიშნა, წყალმომარაგების კომპანია ასეთ სასტუმროებს წყალს რეზერვუარებით აწვდის.

გუდაურში არსებულ „რედკოს“ დასახლების კორპუსებს წყლის მიწოდება 31 დეკემბრის საღამოს შეუწყდა. „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ინფორმაციით, ამის მიზეზი მცირე ნალექი გახდა. კომპანიამ პრობლემის მოსაგვარებლად ტექნიკური სამუშაოები ჩაატარა, თუმცა პრობლემის სრულად მოგვარება რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა. კომპლექსს წყლის მიწოდება გუშინ საღამოს აღუდგა.