გროზნოში რუს ჟურნალისტს, ელენა მილაშინასა და მის ადვოკატს თავს დაესხნენ
გროზნოში ცნობილ რუს ჟურნალისტს, ელენა მილაშინასა და მის ადვოკატს, ალექსანდრ ნემოვს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ჟურნალისტი ჩეჩნეთის დედაქალაქში ადამიანის უფლებათა აქტივისტის, ზარემა მუსაევას სასამართლო პროცესს უნდა დასწრებოდა. მილაშინას თქმით, თავდამსხმელებმა იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ და სურდათ, წვდომა მოეპოვებინათ მათ ხელთ არსებულ ელექტრონულ მოწყობილობებზე.
თავდასხმისას ელენა მილაშინას თმა გადაპარსეს და სცემეს, შემდეგ კი მწვანე საღებავი გადაასხეს. მას ჩალურჯებები აქვს, ნემოვს კი დანით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.
როგორც მედია წერს, ელენა მილაშინა სასიკვდილო მუქარებს 2017 წლიდან იღებს, მას შემდეგ რაც ჩეჩნეთში ჰომოსექსუალი მამაკაცების დევნასთან დაკავშირებით რეპორტაჟი გამოაქვეყნა, სადაც საუბარი იყო ასობით დაკავებული მამაკაცის წამების შესახებ.