გრიპის ახალმა, mRNA ვაქცინამ კლინიკური ცდების პირველი ფაზა წარმატებით გაიარა — #1tvმეცნიერება
გრიპის ახალმა, mRNA ვაქცინამ კლინიკური ცდების პირველი ფაზა წარმატებით გაიარა — #1tvმეცნიერება

ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna გრიპის mRNA ვაქცინის ადამიანებზე ჩატარებული ადრეული ცდების იმედისმომცემ შედეგებს აქვეყნებს. პრეპარატი ეფუძნება იმავე ტექნოლოგიას, რასაც COVID-19-ის წარმატებული ვაქცინა.

აღმოჩნდა, რომ გრიპის ექსპერიმენტული ვაქცინა უსაფრთხოა და ცდებში მონაწილე 180 ადამიანში, დოზირების ყველა დონეზე წარმატებულად წარმოქმნა ანტისხეულების მაღალი დონე, როგორც ახალგაზრდებში, ისე ხანდაზმულებში.

„ჯერ კიდევ COVID-19-ის პანდემიამდე, რესპირატორული ინფექციებით წელიწადში დაახლოებით სამი მილიონი ადამიანი კვდებოდა, გაცილებით მეტი კი ამ ვირუსების გამო საავადმყოფოში ხვდება“, — წერს განცხადებაში Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორი სტივენ ბანცელი.

გვერდითი ეფექტები მსუბუქი იყო და ძირითადად ახალგაზრდებში დაფიქსირდა, ვიდრე უფრო მოზრდილ ზრდასრულებში. ყველაზე ხშირი იყო ტკივილი და მგრძნობელობა ნანემსარ ადგილში, თავის ტკივილი, კუნთებისა და სასხსრების ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება.

ცდების შემდეგი ეტაპი გასულ თვეში დაიწყო და მასში 500 ადამიანი იღებს მონაწილეობას; ამ ეტაპის მიზანია დოზირების შესაფერისი დონის განსაზღვრა და Moderna-ს ვაქცინის შედარება უკვე ლიცენზირებულ ვაქცინებთან, რომლებიც უფრო ტრადიციული მეთოდებით არის დამზადებული. შუალედური შედეგები 2022 წლის დასაწყისში გამოქვეყნდება.

ცდების შემდეგი ეტაპები ვაქცინის ეფექტიანობას შეამოწმებს.

გრიპის ამჟამინდელ ვაქცინათა უმეტესობა ეფუძნება ქათმის კვერცხში კულტივირებულ ინაქტივირებულ ვირუსებს.

ვირუსის შტამების შერჩევა ვაქცინის გამოყენებაში გაშვებამდე 6-9 თვით ადრე უნდა მოხდეს, ვაქცინის ეფექტიანობა კი დაახლოებით 40-60 პროცენტს აღწევს.

Moderna და ვაქცინის სხვა მწარმოებლები, მათ შორის, ფრანგული Sanofi იმედოვნებენ, რომ mRNA ტექნოლოგია დააჩქარებს იმუნიზაციის განვითარებას და წარმოებას, გაზრდის ეფექტიანობას; ეს ტექნოლოგია ორგანიზმში იმუნურ პასუხს იწვევს ადამიანის უჯრედებთან გენეტიკური მოლეკულების მიტანით, რომლებიც პათოგენების საკვანძო ნაწილების კოდებს შეიცავენ.

ერთი ინექციით შესაძლებელია ორგანიზმში შევიყვანოთ რამდენიმე mRNA მოლეკულა, რომლებშიც სხვადასხვა შტამებია დაშიფრული; ვაქცინაციის ეს მეთოდი უფრო ეფექტიანია და შეიძლება, შეამსუბუქოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების დატვირთვა.

Moderna-ს ექსპერიმენტული ვაქცინა მიზანში იღებს გრიპის ოთხ შტამს: A/H1N1, A/H3N2, B/Yamagata and B/Victoria, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციათა საფუძველზეა შერჩეული.

კომპანია ასევე მუშაობს გრიპის სხვა ვაქცინებზე, რომლებიც კიდევ უფრო მეტ შტამს მოიცავენ,; მათ შორის არის „პან-რესპირატორული ბუსტერი“, რომელიც ფარავს COVID-19-ს, გრიპს და რესპირატორულ-სინციტიალურ ვირუსს (RSV), ჩვეულებრივ ვირუსს, რომელიც გაციებას იწვევს, მაგრამ ჩვილებსა და მოხუცებში ხშირად უფრო სერიოზულადაც მწვავდება.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.