გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ აფხაზეთში საპროტესტო აქციების გაღვივება გარედან ხელოვნურად ხდება
გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ აფხაზეთში საპროტესტო აქციების გაღვივება გარედან ხელოვნურად ხდება

რუსეთის ფედერაციული საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ აფხაზეთში „საპროტესტო აქციების გაღვივება გარედან ხელოვნურად ხდება, – ასე გამოეხმაურა კარასინი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის მიმართვას, რომელშიც ნათქვამია, რომ „ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა ტერიტორიის დაკარგვას ნიშნავს“.

„ეს სახელმწიფო აგარაკი არის ძველი, სტალინის დროინდელი. ორი წლის წინ ხელი მოეწერა სახელმწიფოთაშორის შეთანხმებას და ის ჩვენი საკუთრება გახდა. ახლა მოხდა შეთანხმების რატიფიცირება. ასე იწყებენ ე.წ. მეგობრები ბუნტის ორგანიზებას, იქ ახლოს მდებარეობს ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ამით დაინტერესებულია“, – განაცხადა კარასინმა.

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას გამოეხმაურა რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინ ზატულინიც. მისი თქმით, „რუსეთში არავის აქვს პრეტენზია აფხაზური მიწა რუსულ ტერიტორიაზე გაიტანოს ან განაცალკევოს აფხაზეთის ნაწილი აფხაზეთისგან.

„თავიდანვე ეს იყო კონიუქტურული, აბსოლუტურად ცრუ ბრალდებები, რომლებიც ჩვეულებრივ ხალხს აღელვებთ. ამ ბრალდებებს რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებთან პირდაპირი კავშირი არ ჰქონდათ, არამედ ეს დაკავშირებული იყო იმ შიდაპოლიტიკურ ბრძოლასთან, რომელიც აფხაზეთში მიმდინარეობს და რომელსაც მივყავართ იქამდე, რომ ხან ერთი და ხან მეორე პრეზიდენტი იძულებულია, წავიდეს თანამდებობიდან ბრბოს ზეწოლით. მას შემდეგ, რაც ეს ისტორია გახდა პრინციპული ვიღაცისთვის, შეთანხმების რატიფიკაციის პროცესი შეფერხდა, გადაწყდა მოლაპარაკებები და რამდენიმე რაუნდის შემდეგ შეთანხმება შედგა. რადგანაც საუბარი არ არის იმაზე, რომ რუსეთს პრეტენზია აქვს აფხაზეთის ტერიტორიაზე, არამედ საუბარი არის ყველასთვის ცნობილი ფაქტის დამტკიცებაზე, იმ ფაქტისა, რომ ბიჭვინთაში სახელმწიფო აგარაკი აშენდა საბჭოთა დროს, საბჭოთა ბიუჯეტის ხარჯზე და მას მხოლოდ რუსეთი იყენებდა. ახლა საუბარი მიდის იმაზე, რომ ეს ფაქტი როგორც იქნა აისახოს აფხაზეთის შიდა კანონმდებლობაში“, – აცხადებს ზატულინი.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა 27 დეკემბერს დილით დაამტკიცა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმება, შემდეგ შეთანხმებაა ხელი მოაწერა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმაც. აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს ამ გადაწყვეტილებას და მის გაუქმებას ითხოვს.